ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი დაკავებების მორატორიუმს განმარტავს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ შეეხება საქმეებს, რომელთა განხილვაც სასამართლოს მიერ უკვე მიმდინარეობს. ღარიბაშვილის თქმით, მორატორიუმის გამოცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა:

„არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა აღნიშნული მორატორიუმის გამოცხადებას. ეს არის ძალიან ნორმალური და ცივილიზებული ფორმა – ჩვენ გვსურს, მშვიდ გარემოში წარიმართოს საარჩევნო კამპანია; არავის მივცემთ საშუალებას, მოახდინოს სპეკულაციები და თქვას, რომ არათანაბარ, არაკონკურენტუნარიან გარემოში მოუწიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გამოვაცხადეთ მორატორიუმი და თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, სამართალდამცავი ორგანოები თავს შეიკავებენ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანების დაკავებისგან. ცხადად ითქვა ყველაფერი და ამაზე დამატებითი კითხვები მე მგონი, აღარ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება სასამართლოს, თუ პროცესები დაწყებულია და საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მორატორიუმი მასზე, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება. მორატორიუმი მძიმე დანაშაულს არ შეეხება,“ აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობას არ უნდა დარჩეს არანაირი შეკითხვა მორატორიუმთან დაკავშირებით. მისი გამოცხადება იმის დადასტურებაა, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფოა:

„მე მომივისმინე წუხილი იმის თაობაზე, თუ რატომ გამოვაცხადეთ მორატორიუმი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლების დაკავებებზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ხალხში არ დარჩეს რაიმე შეკითხვა – ესაა აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმა, რადგან გვსურს დავუმტკიცოთ მთელს მსოფლიოს, რომ ვართ ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არის მზად გამოწვევებისთვის და რომელსაც აქვს ამბიცია, გახდეს თანამედროვე, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფო,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG