ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი ცვლილება პრემიერ ღარიბაშვილის კაბინეტში


ელგუჯა ხოკრიშვილი და დავით ნარმანია თბილისის მეტროპოლიტენში
ელგუჯა ხოკრიშვილი და დავით ნარმანია თბილისის მეტროპოლიტენში

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით ნარმანია ელგუჯა ხოკრიშვილმა შეცვალა

პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში, რომელიც საქართველოს 2013 წლის ნოემბრიდან მართავს პირველი ცვლილებაა. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად 41 წლის ელგუჯა ხოკრიშვილი დაასახელა. იგი დღემდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვემდებარე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

სახელმწიფო ფონდში ხოკრიშვილი კერძო ბიზნესიდან 2012 წლის დეკემბერში მივიდა, მას შემდეგ რაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო დავით ნარმანიამ ჩაიბარა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი მისი კაბინეტის ღირსეული წევრი გახდება.

„ელგუჯას აქვს ძალიან მაღალი დონის განათლება მიღებული გერმანიაში, კერძოდ პოტსდამის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა პოტსდამსა და ბერლინში, ასევე კანადაში. აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, მათ შორის საქართველოში.

მას აქვს შესანიშვანი კვალიფიკაცია, განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, იმისთვის, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სამინისტროს და გააგრძელოს ის გზა, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო“


ელგუჯა ხოკრიშვილი წლების მანძილზე იყო პოტსდამის უნივერისტეტის ფინანსების კათედრაზე მკვლევარი მეცნიერი, შემდეგ კი პროექტის მმართველი. აღსანიშნავია, რომ პოსტდამის უნივერსიტეტში, იმავე კათედრაზე, სამეცნიერო სტაჟირება აქვს გავლილი დავით ნარმანიას.

ნარმანია და ხოკრიშვილი ასევე არიან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) დამფუძნებლები. ნარმანია ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია, ხოკრიშვილი კი გამგეობის თავჯდომარე.

CIESR-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი შოთა მურღულიაა, რომელიც ჯერ მინისტრ ნარმანიას მოადგილე გახდა, 2013 წლის ნოემბრიდან კი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ამ გუნდის მთავარი ლობისტი აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია.

ელგუჯა ხოკრიშვილის დირექტორობის პერიოდში მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა კახეთის რამდენიმე ტურიტულ ობიექტებთან (ნაფარეული, ლოპოტის ტბა, სანიორე, კისისხევი) მისასვლელი გზების რეაბილიტაცია; ოკუპაციის ხაზთან მერეთის ზონაში წყლის ჭაბურღირების მოწყობა; გარდაბნის რაიონში გზების მოასფალტება; მცხეთის რაიონში საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია; თელავის ერთ-ერთი უბნის რეაბილიტაცია;

ასევე განხორციელების სტადიაშია ფონდის მიერ დაფინანსებული ასამდე პროექტი: დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში, 81 ამბულატორიის გამართვა საქართველოს მასშტაბით და მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა დიდ ლილოში.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალ პროექტებს შორის, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგურის - „უნივერსიტეტის“ დასრულებაა, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო. პროექტი 45 მილიონ ევრომდე დაჯდება და ის აზიის განვითარების ბანკიდან აღებული სესხით დაფინანსდება. ელგუჯა ხოკრიშვილი თბილისისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს უკვე მინისტრის რანგში გააგრძელებს

„აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნით მეტროპოლიტენის ახალი სადგური უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს. იცით, რომ ჩვენი მეტროპოლიტენი მთლიანად საბჭოური სისტემით მუშაობს, ეს ეხება განსაკუთრებით ტექნიკურ ნაწილს. ბუნებრივია დაისვა ასეთი შეკითხვა - რამდენად იმუშავებს ახალი თანამედროვე და ძველი, არსებული საბჭოთა სტანდარტები ერთმანეთში?!. ეს ყველა დეტალი ფაქტიურად უკვე დაზუსტდა.“

მოხდება თუ არა სხვა ცვლილებები საქართველოს მთავრობაში? მოხდება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თუ უკვე არჩევნების შემდგომ? ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ისმის მძაფრი კრიტიკა კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას წინააღმდეგ. მათ შორის, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც.

კულტურის მინისტრი, რომელიც ერთ თვიან შვებულებაში იყო გასული, გუშინ მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა და აღნიშნა, რომ „მისი გადაყენების საკითხი არ განიხილება.“
XS
SM
MD
LG