მაკრონი: ქართველი ხალხის მომავალი ევროპული გზაა

ფოტო არქივიდან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს ინსტაგრამის გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყენბული ვიდეოში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფრანგულენოვანი სიტყვის თარგმანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მაკრონის თანახმად, ისაუბრეს საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.

ასევე ნახეთ: "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, - ამბობს ემანუელ მაკრონი.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს ვინაიდან პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. ამასთან მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.