ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს


მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა სპეციალურ ბრიფინგზე.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული", - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კონსტიტუციური წარდგინების მოსამზადებლად შეგროვდება ხელმოწერები.

საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე 84 დეპუტატია. ეს საკმარისია საკონსტიტუციო წარდგინების გასაკეთებლად, თუმცა - არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც მმართველ პარტიას არ აქვს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქში, ბერლინში შეხვედრებით იწყებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას. 30 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა საამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.

მთავრობა განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".

"ვერ შემცვლით" - ზურაბიშვილი
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნაზე საუბარი ელჩების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხს მოჰყვა. 2022 წლის 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 24 ივნისს სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ". თუმცა, რამდენიმე თვეში მთავრობამ სარჩელი უკან გაიხმო.

ა.წ. 31 მარტს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველ პარტიას მიმართა და თქვა, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის მუქარის, სასამართლოში ჩივილის, თუ სხვა ბრალდებების მიუხედავად, ის არ შეიცვლება. სხდომას, სადაც პრეზიდენტი წლიურ ანგარიშს წარადგენდა, დეპუტატებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:
  1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
  2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
  3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით", - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 31 მარტს.



Facebook Forum

XS
SM
MD
LG