ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: "მჯერა, უკრაინა სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან"


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ყირიმის პლატფორმის" სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და თქვა, რომ სჯერა, უკრაინა ომში გაიმარჯვებს, საქართველო კი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.

"ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება... ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის", - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა - გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. შვი ზღვა მისი გამოსვლის მიხედვით, არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.

"ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ გასავლელ გზაზეც ევროკავშირის წევრობისკენ და გამოხატა იმედი, რომ საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული. ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება", - თქვა ზურაბიშვილმა.

"ყირიმის პლატფორმა" არის სამიტი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობენ, ის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვის დასასრულს მას მიმართა და თქვა, რომ სჯერა უკრაინის გამარჯვების.

"ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG