ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა და გააფრთხილა შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კანონმდებლები, არ მოუმზადონ „საშობაო საჩუქარი“ კრემლს. თუკი კონგრესი უკრაინის სამხედრო დახმარებას არ დაამტკიცებს და მომავალი წლისთვის კიევს დამატებითი სამხედრო მხარდაჭრით ვერ უზრუნველყოფს, ეს ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტისთვის "ძღვენი" იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან რაიმე დაპირების, ან მხარდაჭრის ვალდებულების გამოხატვის გარეშე დასრულდა. ზელენსკის თხოვნას, რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმასთან გასამკლავებლად მეტი მხარდაჭერის თაობაზე, წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენები სკეპტიკურად შეხვდნენ. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი არ თანხმდება თეთრი სახლის მოთხოვნას, უკრაინას მორიგი დახმარების სახით, 61.4 მილიარდი დოლარი გამოეყოს.
„ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ითხოვს, არის მილიარდობით დამატებითი დოლარი სათანადო ზედამხედველობის გარეშე, გამარჯვების მკაფიო სტრატეგიის გარეშე და პასუხგაუცემელი კითხვებით, რისი მოვალეობაც მას ამერიკელი ხალხის წინაშე აკისრია“, - თქვა ჯონსონმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ასევე ნახეთ: ზელენსკი სკანდინავიის ქვეყნებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვსბაიდენმა, რომელიც მოგვიანებით თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვდა ზელენსკის, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არც ის და არც ამერიკელი ხალხი უკრაინას არ მიატოვებენ. "თქვენს გვერდში დავრჩებით", - უთხრა მან უკრაინის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცონ ახალი კანონპროექტი, "ვიდრე პუტინს ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს გადასცემენ, რაც კი შესაძლებელია".
ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, ”პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები ვერ შეძლებს უკრაინის დახმარებას". მაგრამ, "ჩვენ უნდა... დავამტკიცოთ, რომ ის ცდება", - თქვა ბაიდენმა უკრაინის ლიდერთან ერთად 12 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ბაიდენის ადმინისტრაციისა და ამერიკელი კანონმდებლების მადლობელია. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ დრო აჩვენებს, გააგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის დაფინანსებაში.
"იყო სიგნალები, რომლებიც დადებითზე მეტია. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ არის სიტყვები და არის კონკრეტული შედეგები. ჩვენ იმედს დიდ შედეგზე დავამყარებთ", - თქვა ზელენსკიმ. მან იქვე უარყო ნებისმიერი მოწოდება, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის დათმობის შესახებ.
"როგორ შეუძლია უკრაინას უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორია? ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული რამ", - თქვა ზელენსკიმ. "მოდით ვიყოთ გულწრფელები... ჩვენი ხალხი იქ ცხოვრობს... ჩვენი შვილები. ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ", - განაცხადა ბოლოდიმირ ზელენსკი,
ამერიკიდან ის ნორვეგიაში გაემგზავა, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებს ასევე, კიევის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე ესაუბრება.
Your browser doesn’t support HTML5