ქალი მოკლედ შეჭრილი თეთრი თმებითა და წითელი ტუჩსაცხით ქალაქის ცენტრში, მუზეუმის წინ დგას. მას ნიღბიანი მამაკაცები უახლოვდებიან, იტაცებენ და შავ მინივენში იძულებით სვამენ. შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ.. ის რაც ჰოლივუდში გადაღებულ რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს უფრო მოგაგონებს, ვიდრე სინამდვილეს, დღეს ბელარუსის რეალობაა.
„ქვეყანას ცოცხალი, ან ნაწილ-ნაწილ დატოვებ“
ქალი მოკლე თმითა და წითელი ტუჩსაცხით 38 წლის მარია კოლესნიკოვაა, ერთ-ერთი იმ სამი ოპოზიციონერი ქალიდან, ვინც ალექსანდრ ლუკაშენკოს, „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ წინააღმდეგ იბრძვის. საპრეზიდენტო კანდიდატი სვიატლანა ციხანუსკაია და ოპოზიციონერი ვერონიკა ცეპკალა იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ორშაბათ ღამით იგივეს უპირებდნენ კოლესნიკოვასაც. „ქვეყანას ცოცხალი, ან ნაწილ-ნაწილ დატოვებ“, უთხრეს ოპოზიციის ლიდერს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი შეშინება არც ისე მარტივია. კოლესნიკოვამ უკრაინის საზღვარზე, სადაც მისი დეპორტაცია იგეგმებოდა, პასპორტი დახია და ამით შეუძლებელი გახადა მისი ქვეყნიდან წასვლა. ახლა, ლუკაშენკოს წინააღმდეგ მებრძოლი ქალი სამშობლოს ღალატის ბრალდებითაა დაკავებული.
თუმცა, მარია კოლესნიკოვა ბრძოლას არც ციხის გისოსებს მიღმა წყვეტს. ის ბელარუსის ხელისუფლებას უკანონოდ დაკავებისთვის უჩივის. ოპოზიციონერის ადვოკატმა სარჩელი ბელარუსის მთავრობის, მათ შორის უსაფრთხოების პოლიციის წინააღმდეგ შეიტანა გატაცების, არალეგალური დაკავებისა და მკვლელობის მუქარის მუხლით.
მარია კოლესნიკოვა მუსიკოსი და პოლიტიკოსია. 17 წლიდან ფლეიტაზე უკრავს. ბელარუსის აკადემიური ორკესტრის წევრიც იყო, შემდეგ კი მუსიკალური კარიერა გერმანიაში გააგრძელა და იქ მაგისტრატურა დაამთავრა. ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა, 2020 წლიდან პოლიტიკაში ჩაერთო.
ასევე ნახეთ: კოლესნიკოვამ სარჩელი ბელარუსის მთავრობის წინააღმდეგ შეიტანაკოლესნიკოვა ბელარუსი ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკას კამპანიის მენეჯერი იყო, ბაბარიკას დაკავების შემდეგ კი მას სოლიდარობა გამოუცხადა და ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა სვიატლანა ციხანუსკაიასთან ერთად. ის ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრია. საბჭო მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არ აღიარებდა და დღემდე არ აღიარებს ლუკაშენკოს გამარჯვებას. ოფიციალური პასუხების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციის სახედ კი სამი ქალი, სვიატლანა ციხანუსკაია, მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალა იქცნენ.
ქალები ბრძოლაში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ხელისუფლებამ კაცების დაკავება დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დააკავეს სვიატლანა ციხანუსკაიას ქმარი, ხოლო ვერონიკა ცეპკალას ქმარს, ბელარუსის ყოფილ ელჩს ამერიკასა და მექსიკაში არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასევე დააკავეს ვიქტორ ბაბარიკა, კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელთანაც მარია კოლესნიკოვა მუშაობდა. მათი დაჭერის შემდეგ, ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ბრძოლა საკუთარ ხელში აეღოთ.
ასევე ნახეთ: პომპეო ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სავარაუდო სანქციებზე საუბრობს„ქალის“ ომი „მამაკაცისაზე“ უფრო საშინელია“, წერს სვეტლანა ალექსიევიჩი, ნობელის პრემიის მფლობელი ბელარუსი მწერალი თავის წიგნში „ომს არ აქვს ქალის სახე“. წიგნი მეორე მსოფლიო ომში წასულ ქალებზე, მათ მოგონებებსა და ბრძოლის ისტორიებზეა. ქალებს ბელარუსში ისევ დასჭირდათ ბრძოლა. ისევე, როგორც მაშინ, მეორე მსოფლიო ომში, ახლაც ბელარუსი ოპოზიცონერი ქალების სიცოცხლე, როგორც თავად ამბობენ, საფრთხის ქვეშაა. სამივე ქალს საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება აწუხებს. დაკავებამდე მარია კოლესნიკოვა ამბობდა, რომ ეშინოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ადვოკატის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაშიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
სიყვარულის გამო დაწყებული ბრძოლა
მარია ციხანუსკაია, 38 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლიდერია. ბელარუსის პოლიტიკაში ისიც, როგორც კოლესნიკოვა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩაერთო აქტიურად. ქმრის დაკავების შემდეგ კი საკუთარი კანდიდატურა დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებში და ლუკაშენკოს 26- წლიანი მმართველობის შემდეგ მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი გახდა. მართალია ოფიციალური მონაცემებით ლუკაშენკომ ხმათა 80%, ხოლო ციხანუსკაიამ 10% მოაგროვა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. მათი თქმით, ციხანუსკაიამ, ხმების, დაახლოებით 60-70% აიღო. სულ ცოტა ხნის წინ, ეს შედეგები ლიეტუვის სეიმმა აღიარა. ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანომ ციხანუსკაია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ხოლო საკოორდინაციო საბჭოს წევრები ბელარუსი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლებად ცნო.
პოლიტიკაში მოსვლამდე ციხანუსკაია ინგლისურის მასწავლებელი იყო და ასევე დიდ დროს უთმობდა ჩერნობილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ბავშვების დახმარების პროგრამას.
ასევე ნახეთ: ციხანუსკაია "ამერიკის ხმასთან" - ბელარუსი ხალხი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდებაროგორც თავად ამბობს, პოლიტიკაში სიყვარულის გამო წავიდა. მისი ქმარი, ბლოგერი, იუთუბერი და ოპოზიციის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, სერგეი ციხანუსკი ბელარუსის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საკუთარი ქმრისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მიზნით, საპრეზიდენტო კანდიდატად და ოპოზიციის ლიდერად ციხანუსკაია იქცა. მის კამპანიას მალე შეურთდნენ ვალერი ცეპკალოსა და ვიქტორ ბაბარიკას პარტიები და ქალები, ვინც მათ მხარეს იბრძოდნენ.
ციხანუსკაიას დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა აქვს, თუმცა ის თვლის, რომ ჯერ არ არის იმის დრო, რომ სხვა ქვეყნები ჩაერთონ ბელარუსში მიმდინარე პროცესების დარეგულირებაში რაიმე ფორმით. „ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთსაც, რომ პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინაიდან ეს არის ჩვენი შიდა, სუვერენული საქმე“, თქვა ციხანუსკაიამ 9 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. „თუ დიალოგი ვერ შედგება, მაშინ, შესაძლოა მომავალში, სხვა ქვეყნებს მედიატორის როლის შესრულებისკენ მოვუწოდოთ და ეს იქნება ღია თხოვნა“, დაამატა ოპოზიციის ლიდერმა. თუმცა, ის მოუწოდებს დასავლეთს დაუწესონ სანქციები იმ პიროვნებებს, ვინც კანონს და ადამიანის უფლებებს არღვევს ბელარუსში.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ციხანუსკაია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში წასულიყო. „ძალიან დიდი მიზეზები მქონდა ამ ნაბიჯის გადასადგემელად. არ შემიძლია ამაზე საუბარი. შესაძლოა, როდესღაც მოვყვე ყველაფერი ჩემი ისტორიის შესახებ, მაგრამ ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია“, თქვა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ციხანუსკაიამ.
ციხანუსკაიას მსგავსად, ქვეყნის დატოვება მოუწია „გულადი ბელარუსი ქალების“ ტრიოს კიდევ ერთ წევრს, ვერონიკა ცეპკალას. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს ორივე ქალს მოუწია შვილების ქვეყნიდან გაყვანა. როგორც თავად აცხადებენ, მათ მუდმივად აშინებდნენ შვილების უსაფრთხოებით და ემუქრებოდნენ მათი წართმევით. სწორედ ამიტომ, ციხანუსკაიას და ცეპკალას შვილებმა ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დატოვეს.
ასევე ნახეთ: ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში "რევოლუცია დაიწყო"ვერონიკა ცეპკალას ქმარი, ბელარუსი ოპოზიციონერი და ბელარუსის ყოფილი ელჩია ამერიკასა და მექსიკაში. ვალერი ცეპკალოს არ მისცეს საშუალება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებულიყო, ამიტომ მან ბრძოლა ციხანუსკაიასთან ერთად გააგრძელა. მისი ცოლი კი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს მუდამ მის გვერდით იყო, აქტიურად ჩაერთო ციხანუსკაიას საარჩევნო კამპანიასა და ბრძოლაში ლუკაშენკოს წინააღმდეგ.
“ამაყი ვარ ბელარუსი ხალხით, რადგან უკვე ვიცით, რომ ცვლილებებისთვის მზად ვართ. ლუკაშენკოს რეჟიმი, მოქმედი პრეზიდენტი, უკვე 26 წელია ძალაუფლების სათავეშია. ბელარუსი ხალხი კი დიქტატურით დაიღალა. ჩვენ დავიღალეთ შეურაცხყოფით, დავიღალეთ იმით, რომ გვტკენენ და დავიღალეთ, რომ მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვართ. ასე რომ, ახლა ვხედავთ, რომ ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის. ასეთ ბელარუსში ცხოვრება აღარ გვინდა. ჩვენ ახალ, დემოკრატიულ, ღია ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, რომელსაც ბელარუსი ჰქვია. ვგრძნობ, რომ დროა გზა განვაგრძოთ. სვიატლანა ციხანუსკაია კი ერთადერთია, ვინც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო“, თქვა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ცეპკალამ.
ასევე ნახეთ: ციხანუსკაია: "განაგრძეთ და გააფართოეთ გაფიცვები"არჩევნების დღეს, 9 აგვისტოს, ის მოსკოვში, თავის ქმართან და შვილებთან ჩავიდა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, ქვეყანა დაეტოვებინათ. შვილებისა და ქმრის მონახულების შემდეგ ცეპკალა კვლავ ბელარუსში ჩავიდა, თუმცა ისევ მოუწია ქვეყნის დატოვება. როგორც თავად ამბობს, მას დაპატიმრებით დაეუმქრნენ. ქალი ჯერ ოჯახთან მოსკოვში ჩავიდა, საიადანაც ისინი უკრაინაში, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდნენ. ცეპკალა ამბობს, რომ ვერ მისცემდა საკუთარი თავის დაჭერის უფლებას, ვინაიდან ის ასე უფრო მეტს აკეთებს თავისი ქვეყნისთვის.
„გრძნობათა ისტორიკოსი“
„ვწერ არა ომის, არამედ ომში ადამიანების შესახებ. ომის ისტორიას კი არა, გრძნობების ისტორიას ვწერ. გრძნობათა ისტორიკოსი ვარ“, წერს სვეტლანა ალექსიევიჩი თავის წიგნში. წლების შემდეგ, ალბათ იმ გრძნობებზეც დაწერს, რაც მან მაშინ განიცადა, როდესაც მისი სახლის კარს მომდგარი ნიღბიანებისგან თავდასხმის, ან გატაცებისგან დასაცავად მასთან ევროპელი ელჩები მივიდნენ და მორიგეობა დაიწყეს ნობელიანტის გადასარჩენად.
ასევე ნახეთ: ალექსიევიჩი: ლუკაშენკო ხალხს ატერორებსსვეტლანა ალექსიევიჩს აქამდე როგორც მწერალს და ნობელის ლაურეატს ისე იცნობდა სამყარო. მისი წიგნები საბჭოთა კავშირში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი და პოპულარული. თუმცა, 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ ის პოლიტიკაში ჩაერთო. ალექსიევიჩი ერთადერთია საკოორდინაციოს საბჭოს 7 წევრიდან, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყანაშია და არ დაუჭერიათ. სხვა დანარჩენები ან დააკავეს, ან აიძულეს ბელარუსიდან წასულიყვნენ.
"წადი, სანამ გვიანი არ არის, სანამ ხალხს საშინელ უფსკრულში გადაჩეხავ, სამოქალაქო ომის უფსკრულში! წადი! არავის სურს მაიდანი, არავის სურს სისხლი. მხოლოდ შენ გსურს ძალაუფლება და ძალაუფლების ეს შენი სურვილი სისხლს მოითხოვს!" - ამ სიტყვებით მიმართა სვეტლანა ალექსიევიჩმა ალექსანდრ ლუკაშენკოს.
პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შემდეგ, ალექსიევიჩი ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ორი ლიდერი ქალი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, მესამე კი დაპატიმრებულია, ევროკავშირის 17 ელჩი ალექსიევიჩის სახლში მის დასაცავად მივიდა.
ასევე ნახეთ: პუტინი და ლუკაშენკო კრიზისის ფონზე, პირისპირ პირველად შეხვედიანჯერ არავინ იცის, რით დასრულდება ბელარუსის ისტორიის ეს ნაწილი. თუმცა, ერთ დღეს, ოპოზიციისა და წინააღმდეგობის ლიდერებად ქცეული ქალები, ალბათ, აუცილებლად მოხვდებიან ნობელიანტი მწერლის წიგნის ფურცლებზე. მანამდე, კი ისინი 2020 წლის სახაროვის პრემიის ნომინანტებად დაასახელეს.
გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წლიდან არსებობს. ევროპარლამენტი მას გასცემს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დამცველი ადამიანებისა და ორგანიზაციების დამსახურების აღსანიშნად.