ბელარუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროესტო აქციების ფონზე, ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო, ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. შეხვედრა მომავალ კვირაშია დაგეგმილი.
ამის შესახებ განცხადება დღეს კრემლის პრესსპიკერმა გააკეთა. დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, შეხვედრა 14 სექტემბერს სოჭში გაიმართება და საუბრის მთავარი თემები, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა და ორმხრივი კავშირები იქნება.
26 წლიანი მმართველობის შემდეგ, 9 აგვისტოს, ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავი კვლავ გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შემდეგ, ბელარუსის ქალაქების ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ლუკაშენკოს რეჟიმი დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება. აშშ და ევროკავშირი კი მისი ხელისუფლების ქმედებებს გმობს.
ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია, რომელიც აცხადებს რომ არჩევნები ამომრჩეველთა ხმების 60-70%-ის მიღებით მოიგო, ლიეტვუაში იმყოფება. ციხანუსკაიამ ქვეყანა, საფრთხის გამო, იძულებით დატოვა.
არჩევნებდამდე ცოტა ხნით ადრე, ლუკაშენკომ რუსეთს ბრალი დასდო და იმ ქვეყნებთან ერთად მოიხსენია, რომლებიც მისი თქმით, ბელარუსის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. თუმცა, საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, ლუკაშენკომ დახმარებისთვის კრემლს მიმართა და ვლადიმირ პუტინისგან, დახმარების გაწევის დაპირებაც მიიღო.
პუტინთან დაგეგმილ შეხვედრამდე, ლუკაშენკო უკვე შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს.
Facebook Forum