2018 წელს შეერთებულ შტატებში მომხდარი მასობრივი მკვლელობების 2/3 ისეთი ადამიანების ორგანიზებული იყო, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა. 1/3-ზე მეტ შემთხვევაში, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ან იქვე დაასრულა, ან ეს სროლიდან ძალიან მოკლე ხანში გააკეთა.
საფრთხეების შეფასების ეროვნული ცენტრის (NTAC) ახალი ანგარიში სამშაბათს გამოქვეყნდა. უწყება შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ნაწილია. ცენტრის თანამშრომლებმა ის შემთხვევები შეისწავლეს, რომლის შედეგადაც 3 ან უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ან დაშავდა.
2018 წელს ამერიკაში 27 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო თებერვალში, ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი თავდასხმა, რომელშიც 17 ადამიანი დაიღუპა და ოქტომბერში, პიტსბურგის სინაგოგაში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც 11 ადამიანი შეეწირა. ამ 27-მა შემთხვევამ ამერიკის 18 შტატი მოიცვა, სადაც 91 ადამიანი დაიღუპა და 107 დაშავდა.
საფრთხეების შეფასების ეროვნული ცენტრი ცდილობს იპოვოს ამ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი ძალადობის პრევენცია, ანუ წინასწარ აღკვეთა მოხდეს. „ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს“ - ამბობს უწყების ხელმძღვანელი ლინა ალანტარი და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შექმნილ პრობლემაში ერთი და უნივერსალური გამოსავალი არ არსებობს.
საქმეს ართულებს ისიც, რომ თითქმის შეუძლებელია თავდამსხმელების კატეგორიზება ერთ, რომელიმე ჯგუფში, რათა მათი იდენტიფიცირება წინასწარ გახდეს შესაძლებელი. მათი გაერთიანება ვერ ხერხდება ვერც ასაკის, ვერც მოტივის და ვერც სხვა რომელიმე კატეგორიით.
ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავე კენტუკის ქალაქ ბენტონში, სულ 15 წლის მოსწავლე იყო. თავდასხმაში ორი მისი თანაკლასელი დაიღუპა და 10 დაშავდა. ყველაზე ხანდაზმული თავდამსხმელი კი 64 წლის კაცი იყო, რომელიც ალაბამის შტატის ქალაქ ჰარტსბოროში მდებარე რესტორანში შეიჭრა. მან ბიზნესის მეპატრონე და ერთ-ერთი კლიენტი მოკლა. რაც შეეხება მოტივს, ის ძალიან ხშირად პირადი იყო, რაც იერიშების 50 პროცენტში გამოწვეული იყო სამსახურში, ან შინ არსებული პრობლემებით.
ექსტრემისტული იდეოლოგიის ზრდით გამოწვეული შეშფოთების მიუხედავად, 27 იერიშიდან მხოლოდ 2 იყო ისლამისტურ ჯიჰადიზმთან კავშირში. პიტსბურგში მომხდარ თავდასხმას ანტისემიტიზმის სარჩული ედო და ნიუ-ჯერსის კლინიკაზე სატვირთო მანქანით მიტანილი იერიშის დროს, რომელშიც 3 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელს აბორტის საწინააღმდეგო შეხედულებები ამოძრავებდა.
ანგარიშის მიხედვით, შედარებით ორი ტენდენციის გამოკვეთა შეიძლება. ერთი ის, რომ ინციდენტების უმეტეს შემთხვევაში, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მეორე: თავდამსხმელს ძალიან იოლად მიუწვდება ხელი ცეცხლსასროლ იარაღზე და ამუნიციაზე.
„ადამიანის ქცევის ზუსტად განსაზღვრა რთულია... ჩვენ შეგვიძლია უახლესი, უმძლავრესი ტექნოლოგიებით ამ საქმეში ძალიან დავწინაურდეთ, მაგრამ თუკი იარაღი ისევ ასე იოლად ხელმისაწვდომი დარჩა, შედეგად ისევ მასობრივ მკვლელობებს მივიღებთ“ - ამბობს კოლინ კლარკი, კვლევითი ორგანიზაციის, „სუფანის ცენტრის“ მეცნიერი.
ჯერჯერობით, ანგარიშის ავტორები შორს მიმავალ დასკვნებს ვერ აკეთებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ დროის უფრო ხანგრძლივი მონაკვეთის შესწავლის შედეგად, სულ ცოტა 5-დან 10 წლამდე ინტერვალში, ტენდენციები უფრო გარკვევით გამოიკვეთება და შესაბამისად, პრევენციის მეტი შანსი გაჩნდება.
ამ ეტაპზე, საფრთხეების შეფასების ეროვნული ცენტრი და შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი საზოგადოებას მოუწოდებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. ეს ორგანიზაციები ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, საეჭვო და სარისკო შემთხვევებში, თუკი ისინი ადამიანს ძალადობრივ ხასიათს შეატყობენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და თუ საჭიროა, ადგილობრივ მმართველობას, ან სამართალდამცავებსაც შეატყობინონ.
საფრთხეების შეფასების ეროვნული ცენტრი და შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი უკავშირდება შტატის და ადგილობრივ ხელისუფლებას, სკოლებს, საჯარო თავშეყრის ადგილების მმართველებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობის სააგენტოებს და მათ უფასო ტრეინინგებს უტარებს. „გვინდა ხალხმა ამოიცნოს საგანგაშო ნიშნები და იცოდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს... გვინდა ინციდენტების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება, რათა ამ ადამიანებმა ძალადობის ჩადენისგან თავი შეიკავონ“ - აღნიშნავს ლინა ალანტარი.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მასობრივი მკვლელობების პრევენციას აუცილებლად სჭირდება „საზოგადოების მეტი ჩართულობა“. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ 2018 წელს მომხდარი შემთხვევების 75%-ში, ერთმა ადამიანმა მაინც ამოიღო ხმა და წინასწარ გამოთქვა შეშფოთება პოტენციური დამნაშავის შესახებ.
მაგრამ, ეს საკმარისი მაინც არ არის. მომდევნო ეტაპზე, საკუთარ თავზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სამართალდამცავმა უწყებამ, სამსახურის, თუ სკოლის ადმინისტრაციამ, სადაც კი მიაღწევს საზოგადოების წევრების შეშფოთების სიგნალი.