ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალ ზელანდიაში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ტერორიზმის ბრალიც წაუყენეს


ახალ ზელანდიაში 15 მარტს მომხდარი მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს სასამართლომ ახალი ბრალი წაუყენა. თუკი მას აქამდე 51 ადამიანის მკვლელობა და 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად, ახლა უკვე უშუალოდ ტერორისტული აქტის მოწყობაში ედება ბრალი.

ამ მუხლით ახალ ზელანდიაში ადამიანს პირველად გაასამართლებენ. ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომლითაც ბრენტონ ტარანტი გასამართლდება, ქვეყანაში 2002 წელს მიიღეს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ.

მსხვერპლთა და დაზარალებულთა 200-მდე ოჯახის წევრს პოლიციამ ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

28 წლის ავსტრალიელმა ახალგაზრდამ, ბრენტონ ტარანტმა 15 მარტს მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა და ორ მეჩეთში მყოფი მლოცველები დახოცა. რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული მან თავზე დამაგრებული კამერის მეშვეობით "ფეისბუქის" პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცა. ის ახლა მაქსიმალური სიმკაცრის რეჟიმის ციხეში იმყოფება. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ტარდება. სასამართლოს შემდეგი სხდომა 14 ივნისს გაიმართება.

დანაშაულის ჩადენამდე მან ვრცელი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელსაც 30-მდე ადრესატი ჰყავდა, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მანიფესტში ის თეთრი რასის უპირატესობაზე საუბრობდა და მუსლიმებს და იმიგრანტებს "დამპყრობლებს" უწოდებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG