ახალი ზელანდიელები კვირის დასაწყისში სკოლებში და სამსახურებში დაბრუნდნენ. ჭრილობის მოშუშებას და ცხოვრების ძველებური რიტმის აღდგენას ცდილობს კრაისტჩერჩიც, 400 000-იანი ქალაქი, სადაც პარასკევს მომხდარ ტერაქტში 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები და ახალგაზრდები.
ტერაქტის ადგილზე, მეჩეთებთან დღესაც ხალხმრავლობაა. ახალი ზელანდიელების უწყვეტი ნაკადი, ყვავილებით და სანთლებით, ისევ მიედინება მუსლიმთა სალოცავებთან და პატივს მიაგებს ტერაქტში დაღუპულ თანამოქალაქეებს.
ორშაბათს, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასიდა არდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იარაღზე კონტროლი გამკაცრდება. პრემიერის თქმით, მინისტრთა კაბინეტში პრინციპულ საკითხებზე კონსენსუსი უკვე მიღწეულია.
"ტერორიზმის საშინელი აქტიდან 10 დღის ვადაში ჩვენ გამოვაცხადებთ რეფორმებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უფრო უსაფრთხოს გახდის" - თქვა არდენმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერს შეთავაზებული ცვლილებების დეტალები არ დაუკონკრეტებია.
კრიტიკოსები ცვლილებებისადმი უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. რამდენადაც ცნობილია, პროცედურულად, ახალი ზელანდიის კანონმდებლობა ქვეყნის მეთაურს მსგავსი რეგულაციის ასე სწრაფად შემოღების უფლებამოსილებას არ აძლევს.
Facebook Forum