ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდის სკოლის მოსწავლეების მარში იარაღის კონტროლის გამკაცრებისთვის


ფლორიდის შტატის დედაქალაქში ასობით სტუდენტი იღებს მონაწილეობას მარშში, რომელიც შტატის და ფედერალური კანონმდებლებისგან ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალვის შემოღებას მოითხოვს. მარში ფლორიდის პარკლენდის სკოლაში მასობრივი მკვლელობის შემდეგ დაიგეგმა. პარკლენდის "მარჯორი სტოუნმენ დუგლასის" სკოლაში თავდამსხმელმა AR-15-ის გამოყენებით 17 ადამიანი მოკლა. პარკლენდის სკოლის მოსწავლეები და სხვა სკოლების სტუდენტებთან ერთად ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკოსებისა და კანონდებლებისგან ზომების მიღებას ითხოვენ.

ოთხშაბათის მარშში მონაწილეობის მისაღებად და კანონმდებლებთან შესახვედრად "სტოუნმენ დუგლასის" სკოლიდან 100-ზე მეტი სტუდენტი ტალაჰასში ჩავიდა.

„ჩვენ [მოსწავლეებს] ყველაზე მეტად გვაღელვებს ეს“, - განუცხადა არიანა ორტეგამ "ამერიკის ხმას". „ჩვენ ვართ ვისაც ამ ტრაგიკული მოვლენების გადატანა მოგვიწია და ჩვენ ვართ ამერიკის მომავალი ლიდერები“, - თქვა მან.

სტუდენტები ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის მოსაცდელში იმყოფებოდნენ, როდესაც კანონდებლებმა დემოკრატების წინადადება, რომელიც ავტომატების აკრძალვას შეეხებოდა არ მიიღეს. რესპუბლიკელებმა დემოკრატ ოპონენტებს ბრალი დასდეს საკითხის მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ წინ წამოწევაში.

ლიზი ეტონი, "სტოუნმენ დუგლასის" სკოლის მოსწავლე, რომელიც კენჭისყრას თვალს ადევნებდა, მომხდარს „გულსატკენს“ უწოდებს. თუმცა, მისი თქმით ისინი გააგრძელებენ ბრძოლას. „ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რისიც გვჯერა. ამას არ მივცემთ საშუალებას დაგვრთგუნოს“, -ამბობს ეტონი.

მოსწავლეების პროტესტი ფლორიდაში
მოსწავლეების პროტესტი ფლორიდაში

ტალაჰასის მარშთან ერთად, დღეს, პრეზიდენტი ტრამპი სკოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე სასაუბროდ თეთრ სახლში მშობლებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს ხვდება.

მოსწავლეები 24 მარტისთვის ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა დიდ ქალაქებში გამოსვლებს გეგმავენ, სახელწოდებით „ჩვენი სიცოცხლის მარში“.

მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, ლედი გაგა და შერი მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვეს. მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ და მისმა მეუღლემ, ადამიანის უფლებების დამცველმა ამალ კლუნიმ მოსწავლეების დასახმარებლად ნახევარი მილიონი დოლარი გაიღეს. ნახევარი მილიონის გაცემას აპირებს მედია ვარსკვლავი ოპრა უინფრიც.

„ჩვენი ოჯახი 24 მარტის მარში მონაწილეობას მიიღებს. ვიდგებით ამ გასაოცარ თაობასთან ერთად“, - თქვა კლუნიმ.

ამავდროულად, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა სცადა შეერბილებინა ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადება „ტვიტერზე“, სადაც პრეზიდენტი ფედერალური გამოძიების ბიუროს თავდასხმის წარუმატებელ პრევენციაში ადანაშაულებდა. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ფედერალურმა ბიურომ ვერ მოახერხა პარკლენდის თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების დაფიქსირება, რადგან ბიურო მისი საარჩევნო კამპანიის და რუსებთან კავშირის გამოძიებით ზედმეტადაა დაკავებული.

ფედერალურმა ბიურომ აღიარა, რომ უწყებამ არ მოახდინა რეაგირება 5 იანვარს მიღებულ შეტყობინებაზე, სადაც პარკლანდის სკოლის თავდამსხმელისგან, ნიკოლას კრუზისგან მომავალ საფრთხეზე იყო საუბარი. „იარაღი საკუთრებაში, ხალხის მოკვლის სურვილი, ცვალებადი ქცევა და შემაშფოთებელი პოსტები სოციალურ მედიაში, ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ ის სკოლაზე განახორციელებს თავდასხმას“, - ნათქვამი იყო შეტყობინებაში.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა დასძინა, რომ თავდასხმა „ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანის“ ბრალია.

გაზეთ ვაშინგტონ პოსტისა და ABC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელ დემოკრატთა 86% მიიჩნევს, რომ იარაღის ფლობის კანონის გამკაცრებით ფლორიდის მასობრივი მკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ხოლო რესპუბლიკელთა 67% ამას არ ეთანხმება. თუმცა, ორივე ჯგუფის ¾-მა აღნიშნა, რომ უფრო ეფექტური ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შემოწმება და მკურნალობა მკვლელობის თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდიდა.

გამოკითხულთა 77%-მა პროცენტმა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თქვა, რომ კონგრესი არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკაში მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილება მოხდეს. ხოლო 62%-მა აღნიშნა, რომ ტრამპი არ იღებს ამისთვის საკმარისს ზომებს.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა ნიკოლას კრუზმა აღიარა 14 სტუდენტის და 3 ზრდასრული პირის მკვლელობა. ის სკოლიდან გასულ წელს გარიცხეს. იარაღის შესყიდვისთვის კრუზმა შეძლო შემოწმების გავლა და გეგმის შესასრულებლად AR-15 ტიპის ავტომატი შეიძინა.

ვაშინგტონში, დემოკრატი კანონმდებლები ითხოვენ ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვაზე უფრო მკაცრ კონტროლს. რესპუბლიკელები მათ არ ეთანხმებიან. მათი აზრით, ეს ამერიკის კონსტიტუციის მეორე შესწორებას ეწინააღმდეგება, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს იარაღის ფლობის უფლებას აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG