ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ რუსული კოვიდ-19-ის ვაქცინის - "სპუტნიკ-V" - დამტკიცების პროცესი შეწყვიტეს. ამის მიზეზი წარმოების პროცესში მომხდარი დარღვევებია.
ჯანმომ დარღვევები რამდენიმე ხნით ადრე ჩატარებული ინსპექციის დროს დააფიქსირა. კოვიდ-19-ის ვაქცინების საგანგებო ავტორიზაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საწარმოების ინსპექტირების გარეშე არ იძლევა - განაცხადა 15 სექტემბერს ორგანიზაციის ლათინური ამერიკის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ ჯარბას ბარბოსამ. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გაითვალისწინებს უსაფრთხოების კოდებს და გამოასწორებს ვითარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ინსპექციას ჩაატარებს - აცხადებს ბარბოსა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირს რუსული ვაქცინის მწარმოებელმა მონაცემები ისევ ვერ მიაწოდა - "როიტერი"ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ჯანმო ამბობდა, რომ ქ. უფაში მდებარე რუსული ფარმაცევტული კომპანიის "ფარმსტანდარდის" საწარმოში მრავალჯერადი დარღვევები ნახეს. სხვა დარღვევებს შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების დაბინძურების რისკებს ასახელებს. როგორც ირკვევა, არ იყო გათვალისწინებული "ადეკვატური ზომების დანერგვის აუცილებლობა, რათა აღკვეთილიყო დაბინძურების რისკები". რუსული ფარმაცევტული კომპანია კი აცხადებდა, რომ ეს ზომები გაატარა.
კრემლი თებერვლის შემდეგ ცდილობს, რომ რუსული კოვიდ-19-ის ვაქცინა "სპუტნიკ-V" ჯანმომ ან ევროკავშირის მარეგულირებელმა დაამტკიცოს. თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა. მიზეზად რამდენჯერმე საჭირო საბუთების წარუდგენლობა, ან დაგვიანება დასახელდა. მოსკოვმა ფორმალური დამტკიცების გვერდის ავლით მაინც შეძლო ვაქცინის მსოფლიო ბაზარზე გატანა და მას რამდენიმე ქვეყანაში უკვე იყენებენ.