ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირს რუსული ვაქცინის მწარმოებელმა მონაცემები ისევ ვერ მიაწოდა - "როიტერი"


რუსული "სპუტნიკ-ვი" ვაქცინის მწარმოებლებმა ევროკავშირის მარეგულირებელს სტანდარტული დამტკიცების პროცესით გათვალისწინებული მონაცემები ისევ არ გადასცეს. ინფორმაცია "როიტერს" საქმეში ჩახედულმა ხუთმა სხვადასხვა პირმა დაუდასტურა.

ეს ბოლო თვეების მანძილზე უკვე რამდენჯერმე განმეორდა. "გამალეას ინსტიტუტის" ვაქცინის მწარმოებლებმა ევროპის მედიცინის სააგენტოს (EMA) მიერ დაწესებული ვადები ისევე ვერ დააკმაყოფილეს. ბოლოს ეს გასულ თვეში, 10 ივნისს მოხდა. შესაბამისად, "სპუტნიკ-ვის" ეფექტურობის და უსაფრთხოების დამტკიცება ევროპის კავშირში ისევ გადაიდო.

წყაროები "როიტერს" ეუბნებიან, რომ რუსი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი კლინიკური გამოცდის მონაცემები არასრული იყო. ვაქცინის წარმოების შემდგომი მონაცემები კი თითქმის არ არსებობს.

ამ განხილვისგან დამოუკიდებლად, ევროპის მედიცინის სააგენტოს დავალებით, საფრანგეთის მეცნიერთა დელეგაცია სწავლობდა რუსული ვაქცინის ე.წ. მთავარ საუჯრედო ბანკს. ეს ვაქცინის ერთგვარი მთავარი სამშენებლო ბლოკია. მისი შემოწმება დაავადებით კონტამინაციის პრევენციის (დაბინძურების აღკვეთის) მიზნით ხდება. საფრანგეთის დელეგაციის წევრების თქმით, "სპუტნიკ-ვის" მწარმოებლებმა დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერც ამ მიმართულებით შეძლეს.

რაც შეეხება ვაქცინის კლინიკურ გამოცდას, რუსმა მწარმოებლებმა ვერ წარმოადგინეს გვერდითი მოვლენების დამადასტურებელი მონაცემები, რაც დასავლეთში მედიკამენტების და ვაქცინების დამტკიცების, დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სტანდარტული პრაქტიკაა. კვლევაში ასევე არ ჩანს, თუ როგორ ხდებოდა შედეგების მონიტორინგი ადამიანების იმ ჯგუფში, სადაც არა ვაქცინა, არამედ პლაცებო იყო ადმინისტრირებული.

ევროპის მედიცინის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მონაცემების დანაკლისი რიგ შემთხვევაში "კრიტიკულია", ზოგი - "ძირითადი" და ზოგიც - "უმნიშვნელო". საქმეში ჩახედული სპეციალისტების აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი "სპუტნიკ-ვის" დამტკიცებას შემოდგომამდე აღარ მოელიან.

ევროპის კავშირის მარეგულირებელი ორგანოს წევრები ფიქრობენ, რომ რუსი სპეციალისტები არ არიან ჩახედული ევროპულ და ამერიკულ რეგულაციებში და რომ შესაძლოა ეს "გამალეას ინსტიტუტის" მეცნიერთა მხრიდან გამოცდილების უქონლობის ბრალი იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG