„უნდა გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელზეც ხელი მიგვიწვდება,“ -  გიორგი კურდღელაშვილი 

პანდემია კოვიდ-19-ის დაწყებიდან 1 წელი შესრულდა. ამ ეტაპისთვის კი არაერთი ვაქცინაა ხელმისაწვდომი, რომელთა ვარგისიანობა და უსაფრთხოება ამერიკისა და ევროპის შესაბამისმა უწყებებმა დაადგინეს. სწორედ აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ მიიღონ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისწავდომია.

ექიმების მოწოდებას უერთდება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი გიორგი კურდღელაშვილი. ის ოკლაჰომა სითის ფედერალური საავადმყოფოს მედიცინის განყოფილების დეპარტამენტის უფროსია. კურდღელაშვილი ამბობს, რომ ყველა ვაქცინა მეტნაკლებად ეფექტურია, თუმცა მთავარი ამოსავალი წერტილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობის შემცირებაა, რის საშუალებასაც ამერიკასა და ევროპაში დამტკიცებული ყველა ვაქცინა განაპირობებს.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკაში ქართველი ექიმი "ასტრაზენეკას" ვაქცინის შესახებ საუბრობს

„უნდა გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. ის ვაქცინა არის ყველაზე საუკეთესო, რომელსაც რაც შეიძება მალე გავიკეთებთ. პანდემიასთან ბრძოლაში და საკუთარი სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით მთავარი ვაქცინის გაკეთებაა. მეორეხარისხოვანია, რომელ ვაქცინას ვიკეთებთ. ვაქცინების უმრავლესობა საკმაოდ მაღალ ეფექტურად იცავს სიკვდილისგან. შეიძლება ისეთი ეფექტური არ იყოს ვაქცინა, როგორც ფაიზერი და მოდერნას ვაქცინა, თუმცა მთავარია თავიდან ავიცილოთ სიკვდილობა და ინფიცირების მძიმე ფორმები“, - ამბობს გიორგი კურდღელაშვილი.

ის ასევე დასძენს, რომ ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მსგავსად, მაღალი ნდობა აქვს ევროპაში დადასტურებულ ვაქცინებსაც. შესაბამისად, ქართველი ექიმი ამბობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა ეფექტურია და მისი გამოყენება უნდა მოხდეს.

ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“

„ევროპაში დადასტურებულ ვაქცინებს, დაახლოებით, იგივე წვდომა აქვთ, როგორიც FDA-ის. მათ საკმაოდ კარგი და სანდო მარეგულირებელი ორგანო აქვთ. მათ მიერ დამოწმებული და ავტორიზებული ვაქცინებიც საკმაოდ სანდოა. ამ შემთხვევაში ასტრაზენეკა მაქვს მხედველობაში. თუ ასტრაზენეკა არის ის ვაქცინა, რომელზეც ყველაზე ადრე ხელი მიგვიწევდება, უნდა გამოვიყენოთ ის და არ დაველოდოთ ფაიზერისა და მოდენას ვაქცინებს. რაც შეიძლება მალე ვაქცინაცია ეს უნდა იყოს მიზანი, რომ მოხდეს სიცოცხლის დაცვა,“ - განმარტავს გიორგი კურდღელაშვილი ოკლაჰომა სითის ფედერალური საავადმყოფოს მედიცინის განყოფილების დეპარტამენტის უფროსი.

„ფაიზერის“ მიერ შექმნილი ვაქცინის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მსოფლიოში ყველაზე მეტი ქვეყანა ყიდულებს და იყენებს. ვაქცინა ევროპული მარეგულირებლის მიერ არის შესწავლილი და დადასტურებული. ვაქცინაზე ოქსფორდის სპეციალისტები მუშაობდნენ. ამ დრომდე ვაქცინა არ შეუსწავლიათ ამერიკაში. შესაბამისად, ქვეყანაში ის ვაქცინაციის პროცესში არ გამოიყენება. ამერიკაში „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინებით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

ასევე ნახეთ: "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხოა, აცხადებს კანადა


ქვეყანაში ვაქცინირებულად ითვლება მოსახლეობის 10 პროცენტი, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც „ფაიზერისა“ და მოდერნას“ ვაქცინის 2 დოზა უკვე მიიღეს. ("ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინის მიღების დროს მოქალაქე ვაქცინირებულად ითვლება თუ მან მიიღო ვაქცინის 2 დოზა და გასულია ორი კვირა, "ჯონსონისა და ჯონსონის" ვაქცინის შემთხვევაში კი მიღებული აქვს ერთი დოზა.)

„ამერიკაში ამ დროისთვის 3 ვაქცინაა ხელმისაწვდომი. „ჯონსონისა და ჯონსონის“ ვაქცინა ამ დროისთვის ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 10 პროცენტი, ამას თუ დავუმატებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ერთი დოზა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინირებულია მოსახლეობის სადღაც 18-19 პროცენტი,“ - ამბობს გიორგი კურდღელაშვილი.

ასევე ნახეთ: ახალი წესები ვაქცინირებული ადამიანებისთვის 

საქართველოს ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზა „ასტრაზენეკასგან“ კი ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ვკითხეთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ საქართველოში პანდემიის ე.წ. მესამე ტალღა ვიხილოთ მაშინ, როცა ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ახლა დაიწყო და პირველ ეტაპზე ვაქცინას მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. კურდღელაშვილი ამბობს, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ქვეყანაში ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს დაწესებული შეზღუდვები და ყოველდღიურად ხდებოდეს კონტროლი ინფიცირების მაჩვენებლის.

ამ დროისთვის უცნობია თუ როდის დაიწყება საქართველოში მოსახლეობის ფართო მასების ვაქცინაცია. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აცრილი იქნება. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ის ამ დროისთვის დაბალია, თუმცა მონაცემების შესწავლა და დაკვირვება გრძელდება.

ვრცლად ინტერვიუ გიორგი კურდღელაშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

პანდემიის ერთი წელი