აშშ-ს ელჩი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" - 19 აპრილის შეთანხმების პირობები დაიცვას

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს 9 მოსამართლის დანიშვნა უზენაეს სასამართლოში. „ეს იქნება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების ძირის გამოთხრა და შესაძლოა, უფრო მეტიც, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემა“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ევროკავშირისა და აშშ-ს შუამავლობით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, იგივე შარლ მიშელის დოკუმენტში, პირდაპირ წერია, რომ „ამ მოწვევის პარლამენტი გაატარებს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმას, საწყისი ეტაპისთვის ეს უნდა მოიცავდეს რეფორმების ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პროცესს“.

ერთ-ერთ პუნქტში კი ხაზგასმულია, რომ „პარლამენტი თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დარბაზი

ამ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში, უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. უმაღლესმა საკანონდებლო ორგანომ მოსამართლეები მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს.

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში
კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში


„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი აიღებს პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად, გააკეთებს იმას, რისთვისაც მოწოდებულია და შეაჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს.

ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას“ - განაცხადა დეგნანმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, სასამართლო სისტემაზე წლების მანძილზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ დროთა განმავლობაში უარი თქვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნის იდეაზე.

„საბოლოოდ, სასამართლოს ადმინისტრირება დღესდღეობით სრულად გავლენიან მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის ხელშია, მოსამართლეთა ამ ჯგუფს დღეს ე.წ. „კლანის“ სახელით მოიხსენიებენ. კლანური მმართველობის გავლენა გაცდა საერთო სასამართლოების სისტემის ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოშიც გადაინაცვლა“ - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

მესამე სექტორის ამ შეფასებას სრულად იზიარებს ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და თავად, სასამართლო ხელისუფლება.

„ვითხოვ, დავდოთ კონკრეტული მაგალითები, რაში ვლინდება სასამართლოში კლანის არსებობა“ - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ნინო ქადაგიძის აზრით, რომელსაც აშშ-ს ელჩმა საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია პირადად გააცნო, "იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევა და პარლამენტისთვის გადაგზავნა, არ არის არც ჩემი ახირება და არც რომელიმე ჩემი კოლეგის სურვილი, ეს არის კონსტიტუციის მოთხოვნა, კონსტიტუცია უნდა შესრულდეს“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე შეარჩია, საბჭომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ, 88 ვაკანტურ თანამდებობაზე 47 მოსამართლე განაწესა. დიდ სკანდალს ვერც ეს სხდომა ასცდა, საბჭომ, მცხეთის მოსამართლედ 32 წლის ალექსანდრე გზირიშვილი დანიშნა, რომლის მამა ლევან გზირიშვილი, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

სასამართლო კლანს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს. მთელი ეს წლები მზარდია ეს მხარდაჭერა, თავიდან როცა ბიძინა ივანიშვილი და ლევან მურუსიძე შეხვდნენ ერთმანეთს, ყველას გახსოვთ ეს შეხვედრა, საუბარი იყო ხელფასების გაზრდაზე, შემდეგ ეს ნელ-ნელა ეს მხარდაჭერა ავიდა უფრო მაღალ ეტაპზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი კლანს უკვე უზარმაზარი ბერკეტები, გარანტიები და ფუნციები აქვს
ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი


ამ ფონზე, „ქართულ ოცნებაში“ სასამართლო კლანის არსებობას ისევ უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხი 19 აპრილის შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

დღეის მდგომარეობით, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურის მიხედვით აპირებს, უზენაესში წარდგენილ მოსამართლეებს ჯერ მოუსმინოს, შემდეგ კი დაამტკიცოს.

"მმართველი პარტიის მიერ სასამართლო კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები" - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

„ნათლად ჩანს, რომ არათუ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მკაფიო ჩანაწერი, არამედ უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ფორსირებულად გრძელდება.

ეს პროცესი არის შეუქცევადი იმიტომ, რომ სასამართლო კლანს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს. მთელი ეს წლები მზარდია ეს მხარდაჭერა, თავიდან, როცა ბიძინა ივანიშვილი და ლევან მურუსიძე შეხვდნენ ერთმანეთს, ყველას გახსოვთ ეს შეხვედრა, საუბარი ჯერ იყო ხელფასების გაზრდაზე, შემდეგ ნელ-ნელა ეს მხარდაჭერა ავიდა უფრო მაღალ ეტაპზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, კი კლანს უკვე უზარმაზარი ბერკეტები, გარანტიები და ფუნციები აქვს“ - ასე ეხმაურება პროცესს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც ოთხ წლის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო და ვადა 18 ივნისს ამოეწურა.

უზენაესი სასამართლო

უზენაესს სასამართლოში ამჟამად 14 უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსი 11 ვაკანსიაზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ, უზენაესში დასანიშნად 9 მოსამართლე შეირჩა.

პარლამენტის მიერ ამ მოსამართლეების დამტკიცების შემთხვევაში, უზენაესში ე.წ „სასამართლო კლანს“ უკვე 23 მოსამართლე ეყოლება, რაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ და ნანატრ სასამართლო რეფორმას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასაც ითვალისწინებდა, აზრს სრულიად უკარგავს.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, რომელმაც ღიად მიმართა „ქართულ ოცნებას“ დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების პირობები სასამართლოს ნაწილში, ასევე მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობას“ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.

7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია 8 ივნისს პარლამენტში შევიდა, თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დასავლეთის შუამავლობით მიღწეულ, 19 აპრილის შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს, რითაც ამ შეთანხმების მომავალი ისევ ბუნდოვანია.