ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სათერსი: ქართული სასამართლო არასდროს ყოფილა ბოლომდე დამოუკიდებელი


პარტია "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაანონსა. ამას კი წინ უძღოდა 20 ივნისის მოვლენები, ანტი-საოკუპაციო პროტესტი, აქციის დარბევა და გადატრიალების ბრალდებით გამოძიების დაწყება.

როგორ მუშაობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება; რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო; სად არის ახლა საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე? ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს, მარიამ უგრეხელიძეს, ელზბეტ სათერსი, "დემოკრატიის განვითარების ფონდის" (NED), ევრაზიის პროგრამის უფროსი ოფიცერი ესაუბრა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის საქართველოში და საქართველოს ხელისუფლებამ დააანონსა ცვლილებები, როგორიცაა 0%-იანი ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, ნაკლები ხელმოწერები საარჩევნო რეგისტრაციისთვის და ა.რას ფიქრობთ ამ ცვლილებებზე?

2020 წლის არჩევნები, ნამდვილად, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. მთავარი პოლიტიკური პარტიები მხარდაჭერას კარგავენ და სავარაუდოდ, ვერცერთი მათგანი შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში. ეს არჩევნები მწვავე შეჯიბრების ფონზე ჩატარდება და სწორედ ის გადაწყვეტს საქართველოს დემოკრატიის კურსსაც, გარკვეული დროით. ამის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო კოდექსით უზრუნველყოფილი იყოს ღია, დემოკრატიული პროცესი, გამჭვირვალე პარტიული დაფინანსებით, თანაბარი წვდომით მედიაზე. ასევე, უნდა არსებობდეს მიუკერძოებელი და ყველა დონეზე პროფესიონალი საარჩევნო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს დაკვირვებას და ძლიერ რეაგირებას საარჩევნო დარღვევებზე.

ამჟამინდელი ქართული საარჩევნო კოდექსი ისეა მოწყობილი, რომ ძლიერ პარტიას შეუძლია დომინირებდეს პარლამენტში, არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მიღების გარეშე. სწორედ ასე მოხდა 2016 წელს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" 150-დან 115 ადგილი მიიღო პარლამენტში ამომრჩეველთა ხმებში 48.77%-ით.

უმრავლესობის გაუქმება პოზიტიური გადაწყვეტილებაა და ის ასევე აძლევს შანსს ახალ პარტიებს, რომ მოიპოვონ ადგილები პარლამენტში. თუმცა, 0%-იანი ბარიერი ასევე აძლევს მეტ რადიკალურად განწყობილ პარტიას, საშუალებას, რომ პარლამენტში მოხვდეს და რა ტიპის სამთავრობო კოალიციაც არ უნდა შეიქმნას, მას ზეწოლის ბერკეტი აღარ ექნება. რა თქმა უნდა, ჯერ რთულია საარჩევნო კოდექსზე დამაჯერებლად საუბარი, ვიდრე მისი სრულად ფორმირება არ მოხდება საბოლოო სახით. თუმცა, ჩემი ზოგიერთი კოლეგა, რომელიც ამ რეფორმების პროცესშია ჩართული ამბობს, რომ არსამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებებს სერიოზულად არ იღებენ და რომ შემოთავაზებული კანონმდებლობა შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთ ისეთ პუნქტს, რაც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ეს მიმდინარე პროცესია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოჩინოს კეთილი ნება და შექმნას ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გამოხატოს თავისი არჩევანი.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ანტი-საოკუპაციო მოძრაობის აქციაზე გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ეს მოთხოვნა შესრულებულია, თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. რასაც მივყავარ სასამართლო ხელისუფლებისა და პოლიციის ინსტიტუტების შესახებ შეკითხვამდე. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს ინსტიტუტები?

რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე პოტენციურად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება ირაკლის ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, რაც შემაშფოთებელი ტენდენციაა.

ქართული სასამართლო ხელისუფლება არასდროს ყოფილა ბოლომდე დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. პოლიტიკური საქმეების გადაწყვეტილებებში, სასამართლო, თითქმის, ყოველთვის, მთავრობის მხარეს იჭერს. რეფორმების რამდენიმე ტალღამ პროგრესი გვაჩვენა ამ მხრივ, თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური გამოსავალია და არა ფუნდამენტური ცვლილებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც ხელისუფლებისთვის სასარგებლო განაჩენის გამოტანაში იყვნენ შემჩნეულნი, ახლა უვადოდ დაინიშნებიან თანამდებობაზე. ეს კი მაფიქრებინებს, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში არ მოგვარდება.

პოლიციას, უსაფრთოხების სამსახურსა და პროკურატურას, თითქმის იგივე ტიპის პრობლემები აქვს. ისინი ყველანი კარგად და პროფესიონალურად მუშაობენ, სანამ საქმე პოლიტიკურ იმპერატივს ეხება. ამის უგულებელყოფა ყოველთვის არ შეიძლება. მაგალითად მაშინ, როცა პოლიცია მართლაც პასუხისმგებლობით იქცევა დემონსტრანტების დაცვის საქმეში.ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მეტი პროგრესია საჭირო.

საქართველო ცდილობს განაგრძოს სვლა დასავლეთისკენ, თუმცა რუსეთი არ ჩანს კმაყოფილი ამით. ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთისგან მოდის საფრთხე, რომელიც საქართველოს დემოკრატიას ემუქრება?

რა თქმა უნდა, საფრთხე რუსეთისგან საქართველოს დემოკრატიისთვის არსებობს. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.

საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს თავისი გეგმა აქვს, სადაც საქართველოს ხედავს, როგორც თავისი გავლენების სფეროს მქონე ქვეყანას და რა თქმა უნდა, რომ არ სურს საქართველოს დაახლოება ევროპასთან და ამერიკასთან.

რუსეთს ეკონომიკური გავლენაც აქვს საქართველოზე. ის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია ქართული ღვინისა, თუმცა რუსეთმა, ასევე დაამტკიცა, რომ ის არასტაბილური სავაჭრო პარტნიორია.

რუსეთისგან მომავალ საფრთხეებშია ისიც, რომ მათ შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ სხვადასხვა არალიბერალურ ჯგუფებთან, ნაციონალისტებთან, ვინც პრო-რუსულ ნარატივს მისდევენ და ავრცელებენ, და ქაოსს იწვევენ ქვეყნაში კრემლის მიზნების სასარგებლოდ.

როგორ ფიქრობთ, სად არის ახლა საქართველო, როგორც ქვეყანა და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება?

საქართველო რჩება ყველაზე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანად რეგიონში. სამწუხაროდ, ქვეყანას უჭირს სამომავლოდ პროგრესი. ფუნდამენტურად, მათ ვერ შეძლეს პერსონალური მართვიდან იდეებით მართვაზე გადასულიყვნენ. ეს გამოწვევა თანაბრად ეხება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უფრო ძლიერი ლიდერის ირგვლივ იყრიან თავს და არა იმ იდეების გარშემო, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არის საუკეთესო საქართველოსთვის, ქართული სასამართლოსთვის, რომელშიც მოსამართლეები ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ, რომ მათი პირველადი მოვალეობა კანონის, სამართლისა და საქართველოს კონსტიტუციის სამსახურია, ან ქართული დემოკრატიის სხვა პრობლემების მიხედვა.

ეს არაა ტრივიალური საკითხი, და არცერთი მათგანი არაა მარტივად მოსაგვარებელი. განსაკუთრებით, პატარა ქვეყანაში, სადაც პერსონალურ კონტაქტებს ასეთი გავლენა აქვს. ამ მომენტში ტრენდი არ არის დამამშვიდებელი, მაგრამ საქართველომ გადადგა ნაბიჯები, როგორც წინ, ისე უკან. იმედია, რომ 2020 წლის არჩევნები საშუალებას მისცემს ქართველი პოლიტიკოსების ახალ თაობას, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემოიტანონ ახალი ხედვები ქვეყნის მმართველობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG