უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 10 წლის ვადით, 50 წლის ნინო ქადაგიძე გახდა. პარლამენტში მას „ქართული ოცნების“ 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ კენჭისყრამდე დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა და ხელისუფლება, Covid-19-ის პანდემიის ფონზე, სასურველი კანდიდატის „გაპარებაში“ დაადანაშაულა. ნინო ქადაგიძემ ბრძანა, რომ კლანის წევრად თავს არ მიიჩნევს და მთავარ პრიორიტეტზე ისაუბრა:
ჩვენ, მოსამართლეები საზოგადოებას ვერაფერს დავპირდებით, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, თუმცა, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევქმნათ მართლმსაჯულება, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას დაიბრუნებსნინო ქადაგიძე, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე
„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის მართმლმსაჯულების შექმნა. ჩვენ, მოსამართლეები საზოგადოებას ვერაფერს დავპირდებით, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, თუმცა, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, შევქმნათ მართლმსაჯულება, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას დაიბრუნებს“ - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.
ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენისთავე გააკრიტიკა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
„ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. კოალიციის შეფასებით სიაში მოხვედრილი კანდიდატების სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ასევე ის ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა.“ - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
ნინო ქადაგიძე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა (1994-2000). 2000 წელს თბილისის საოლქო სასამართლოში დაიწყო მუშაობა.
2002-2012 წლებში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი, მოსამართლე იყო. 2013-2019 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ იმუშავა. 2019 წლის დეკემბრიდან კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის აგვისტოდან იყო ვაკანტური, როცა „ჯანმრთელობის გაუარესების“ მიზეზით, თანამდებობა ნინო გვენეტაძემ დატოვა. იგი მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები (1919-2020)
დავით ხელთუფლიშვილი 1919-1921
მინდია უგრეხელიძე 1990 - 1999
ლადო ჭანტურია 1999 – 2004
კოტე კემულარია 2004 – 2005
კოტე კუბლაშვილი 2005 – 2015
ნინო გვენეტაძე 2015 – 2018
ნინო ქადაგიძე 2020 დან -
Facebook Forum