"ძალადობა" და "დაშინება" ამერიკის ელჩის განცხადება საპარლამენტო არჩევნებზე

"ძალიან შემაშფოთებელია ადამიანების დაშინება, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე. ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს,"- ეს განცხადება თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ის საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს გაეცნო. ელჩი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს.

ასევე ნახეთ: უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებზე ჩავლენ

"[ძალადობა და დაშინება] ეს ისეთი ქმედებაა, რაც აუცილებლად დააზიანებს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს. კარგია, რომ საქართველოში იმყოფებიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და შესაბამისად ახდენენ ანალიზს. ასევე, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი,"- ამბობს თბილისში ამერიკის ელჩი.

ელჩი დეგნანი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელი შეუწყონ "სამართლიანი, გამჭვირვალე და კარგი არჩევნების ჩატარებას".

ამერიკის ელჩმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება და მოუწოდა საქართველოს მთავრობას დროულად განავითარონ კიბერუსაფრთხოების სტატეგია და სამოქმედო გეგმა.

ასევე ნახეთ: ამერიკა გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას - აშშ-ის საელჩო კიბერთავდასხმის შესახებ

„ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს არის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი, საინფორმაციო უსაფრთხოება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე. ქართველი ამომრჩეველი არჩევნებზე უნდა წავიდეს იმ ცოდნით, რომ მათი ინფორმაცია დაცული იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს და რატიფიციკაცია გაუკეთოს ყოვლისმომცველ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, შემდგომი დაყოვნების გარეშე. ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ საქართველოს, კარგად გამოკვეთოს როლები და პასუხისმგებლობები კიბერსექტორში. ეს დაეხმარება საქართველოს უკეთესად მომზადებაში, შეამციროს მოწყვლადობა და სწრაფად, ეფექტიანად უპასუხოს თავდასხმებს, როცა ასეთი იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ თავდასხმები კიდევ იქნება, რადგან ჩვენ ყველანი ამის მოწმენი ვართ მთელ მსოფლიოში," - ამბობს ამერიკის ელჩი თბილისში კელი დეგნანი.