ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას - აშშ-ის საელჩო კიბერთავდასხმის შესახებ


სავარაუდოდ რუსეთიდან მომავალ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. საელჩო განცხადებაში წერს, რომ ეს "უგუნური და საშიში" თავდასხმაა, რასაც შეერთებული შტატები გმობს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც პირველ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა.

ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში. COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას.

კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ,"- წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე 1 სექტემბერს განხორციელდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თავდასხმა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელდა და ის დახმარებას პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG