თურქეთი- ამერიკის პარტნიორი

თურქეთში უკანასკნელი ვიზიტისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თურქ ლიდერებს შეხვდა სხვადასხვა საკითხის განსახილველად. მათ შორის იყო ტერორიზმი. ქურთისტანის მუშათა პარტიიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის პირობებში ქალბატონი კლინტონის განცხადებით, ამერიკის გადაწყვეტილება თურქეთის უსაფრთოხების შესანარჩუნებლად ურყევია. „ჩვენ, როგორც მოკავშირე ქვეყანა, მივესალმებით თქვენს ძალისხმევას ტერორისტული საფრთხის დასაძლევად, საფრთხისა რომელიც მთელი რეგიონის სტაბილურობას შეუქმნის პრობლემას. ამერიკა გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას ამ მიმართულებით.“

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე ილაპარაკა ამერიკასა და თურქეთს შორის გაფართოებულ ეკონომიკურ კავშირებზე. მიმდინარე წელს, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 50 პროცენტით იმატა, რაც ორმხრივად მომგებიანია. თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ზრდის პოტენციალია. მიმდინარე წლის ბოლოს თურქეთი უმასპინძლებს მეწარმეთა მეორე გლობალურ სამიტს. იგი არის ასევე აქტიური თანამონაწილე გლობალურ მეწარმეთა პროგრამაში და მხარს უჭერს გაცვლით პროგრამებს, რომელთა საშუალებით თურქეთის საშუალო სკოლები და უნივერსიტეტები ამერიკელ თანატოლებსა და ახალგაზრდა ბიზნეს ლიდერებს უკავშირდებიან.

ჰილარი კლინტონმა თურქ ლიდერებს მოუწოდა გააუმჯობესონ მედიაში შექმნილი მდგომარეობა. ახალგაზრდა თურქ ლიდერებთან შეხვედრისას, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ის ერთი სფერო, რომელშიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ყველაზე მეტად აწუხებდა იყო მედიის თავისუფლება და თქვა, რომ თურქეთის ინტერესებში არ შედის ჟურნალისტების, ბლოგერების საქმიანობის შეზღუდვა და ინტერნეტით ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების დაბლოკვა. პირიქით, თურქეთის ინსტიტუტებმა უნდა გაუძლონ თავისუფალი მედიით წარმოებულ დებატებს.

კლინტონმა ამასთან, თურქ ოფიციალურ პირებს მოუწოდა გააგრძელონ საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი, რომელიც თურქეთს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოვებს. ხაზგასმული იყო ამერიკის მხარდაჭერა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებითაც.

ორი წლის წინ, ამერიკამ პირობა დადო რომ განაახლებდა მის ალიანსს თურქეთთან. დღეს, როგორც ჰილარი კლინტონი აცხადებს, დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ორ ქვეყანას შორის საიმედო კავშირი, ჭეშმარიტი მეგობრობა და ძლიერი ალიანსი არსებობს.

სწორედ თურქეთის დემოკრატიული ტრადიციებისა და გლობალური გამოწვევების დასარეგულირებლად გაწეული ძალისხმევის შედეგია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება თურქეთის ეკონომიკურ აღმასვლას რეგიონსა და მის მიღმა.