ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძნელი დასაწყისი


ძნელი დასაწყისი
ძნელი დასაწყისი

თურქეთის ხელისუფლება რელიგიურ უმცირესობებს ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებს

თურქეთმა რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება გადაწყვიტა. ეს ნაბიჯი ბევრმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებულ სვლად შეაფასა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი დეტალებს სტამბოლიდან არკვევდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, არამუსლიმი საზოგადოებისთვის ქონების უკან დაბრუნება, ეს არის მათ წინააღმდეგ დაშვებული შეცდომის გამოსწორება. ამის შესახებ ერდოღანმა კვირას, თურქეთში მცხოვრები ქრისტიანი და ებრაელი ლიდერებისთვის გამართულ სადილზე განაცხადა.

მისი თქმით, ის დრო, როდესაც განსხვავებული რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის თურქი მოქალაქეები იდევნებოდნენ, წარსულს ჩაბარდა და ეს ნაბიჯი უბრალოდ უსამართლობის გამოსწორებაა.

ასობით ერთეული ქონება, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება, მოიცავს ეკლესიებს, სასაფლაოებს, სინაგოგებს და სკოლებს. თუკი, რომელიმე მათგანი უკვე მესამე მხარეზეა გაყიდული, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ფულადი თანხით აუნაზღაუროს მფლობელს შენობის საფასური.

ამ ქონების დიდი ნაწილი 1936 წლებშია ჩამორთმეული, როდესაც არამუსლიმებს საკუთრების ქონა აეკრძალათ. სტამბოლის მთავარი რაბინი იშაკ ჰალევა ანკარას ამ გადაწყვეტილებას მიესალმება:

„ეს ისტორიული დღეა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავთ.“

თურქეთის ტერიტორიაზე არამუსლიმი თემის ცხოვრება ათასწლეულს ითვლის. კონსტანტინოპილი, ახლანდელი სტამბოლი ქრისტიანობის ცენტრი იყო. ახლაც, ეს ქალაქი მართლმადიდებელი სარწმუნოების ცენტრად ითვლება. თუმცა ქრისტიანები აქ წლების მანძილზე იდევნებოდნენ. პოლიტიკის ანალიტიკოსი ჩინგიზ აქტარი ამბობს, რომ საკუთრების დაბრუნებას არამუსლიმთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია:

„ეს ხელისუფლების მხრიდან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც 75 წლის მანძილზე არსებეული სამართალი შეცვლა, როდესაც არამუსლიმები ღიად ითვლებოდნენ უცხოელებად“.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთს ევროპასთან ურთიერთობას გაუადვილებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთისგან ამ ნაბიჯის გადადგმას დიდი ხანია ითხოვდა. ამ სასამართლოში შეტანილი ასობით საჩივარი კვლავ განხილვის სტადიაშია. არამუსლიმთათვის საკუთრების დაბრუნება ევროკავშირის ერთერთი ძირითადი მოთხოვნაც იყო.

თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ანალიტიკოსი აქთარი ამბობს, რომ ამ კუთხით კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი:

„ეს უბრალოდ დასაწყისია. აქ კიდევ ათასობით პრობლემაა. ერთერთია მაგალითად ის, რომ არამუსლიმებს შეეძლოთ გახდნენ საჯარო მოხელეები და სამოქალაქო მოსამსახურეები. ჰალკის მართლმადიდებლური სემინარიის გახსნა კიდევ სხვა საკითხია,“ - ამბობს აქთარი.

ჰალკის უნივერსიტეტის გახსნას თურქეთის მთავრობას როგორც ევროკავშირი ასევე შეერთებული შტატები თხოვს. თურქეთში ვიზიტის დროს ეს საკითხი სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ახსენა. ოფიციალური ანკარა ჯერჯერობით უარს აცხადებს. თუმცა, ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ არამუსლიმთათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება თურქეთში რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG