„ბრალდებები კატეგორიულად მცდარია“ - ასე პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციასა და „თბილისის მაიდანს“ გეგმავს.
„უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად, საქართველოს ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა მოაწყო 2008 წლის შეჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. [კრემლი] აგრძელებს სასტიკ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - აცხადებს მეთიუ მილერი, „ამერიკის ხმის“ კითხვაზე გაცემულ, წერილობით პასუხში.
ასევე ნახეთ: რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს ასევე ნახეთ: "აბსურდული" - ვაშინგტონი საქართველოს შესახებ რუსეთის დაზვერვის ბრალდებაზეამასთან, მილერი ეხმიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, პარტია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს.
„ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ წერილობით პასუხში, მილერი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით“. მისი თქმით, ამის კიდევ ერთი მაგალითია „ქართული ოცნების“ განცხადებები, „ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ“.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას. ამასთან, შეერთებული შტატების საგარეო უწყება მას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - აცხადებს მილერი.
ასევე ნახეთ: შაჰინი: "ველოდებით მთავრობისგან პირველ ნაბიჯს და მის წინადადებას"26 აგვისტოს, რუსეთის საგარეო დაზვერვამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს. ბოლო ორ თვეში, ეს ამ უწყების მიერ გაკეთებული მეორე მსგავსი განცხადებაა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, "ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრ მოხალისეს აგროვებენ ხმის მიცემის მიმდინარეობაზე მჭიდრო დაკვირვებისთვის, მათ უყენებენ ამოცანას, გამოავლინონ და დააფიქსირონ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარდაუვალი ფაქტები“.
რუსულმა საგარეო დაზვერვამ, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განცხადა, რომ „თბილისის მაიდანზე“ გეგმავენ არჩევნების „გაყალბების მტკიცებულებების“ აღმოჩენას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას. იქ ასევე "ეცდებიან სამართალდამცავების პროვოცირებას, პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით".
„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ ამუშავებენ ვარიანტებს, ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე დაუნდობელი პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გასაცემად", - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესცენტრის განცხადებაში.