ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზებული თავდასხმით უპასუხა, ავტორიტეტული საგამოძიებო ჯგუფის "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძემ 2021 და 2024 წლებში, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში - 14.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა.
„ის, რომ ივანიშვილის მიერ მოსკოვში შეძენილი ახალი ქონება გამოააშკარავეს, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავარი გამაღიზიანებელი იყო. ამ მხილების ფონზე აუცილებელი იყო ე.წ „საპასუხო კამპანია“, „გაშავება“ იმ აქტორების, რომლებიც თავისუფალ მედიას ხელს უწყობენირაკლი ხვადაგიანი
OCCRP-მა 2024 წლის აპრილის გარიგების დამადასტურებელი ამონაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის უძრავი ქონების ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან მოიპოვა.
“ქართულმა ოცნებამ“ არგუმენტების გარეშე OCCRP-ის გამოძიებას „ყალბი“ უწოდა. მოგვიანებით კი მმართველმა ძალამ კონტროლირებადი მედია საშუალებებით „ჯვაროსნული ლაშქრობა“ მოუწყო OCCRP-ს და ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ დონორს NED-ს (დემოკრატიის ეროვნულ ფონდს). NED-ის „გასაშავებლად“ „ოცნებამ“ ტოტალიტარული ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო „კვლევაც“ კი მოიშველია.
„ის, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ივანიშვილის მიერ მოსკოვში შეძენილი ახალი ქონება გამოააშკარავეს, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მთავარი გამაღიზიანებელი იყო“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ გამგეობის წევრმა.
მისი თქმით, „ეს გამოძიება, საერთაშორისო რეპუტაციის თვალსაზრისით, თავისთავად, ძალიან მრავლისმეტყველია და კიდევ ერთ არგუმენტს უმატებს გარე თვალს, საერთაშორისო საზოგადოებრიობას, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში მმართველი რეჟიმი, ვისთან არის ფარულ გარიგებაში და ვინ უმაგრებს მას ზურგს.
გასაგებია, რომ ამ მხილების ფონზე აუცილებელი იყო ე.წ „საპასუხო კამპანია“, „გაშავება“ იმ აქტორების, რომლებიც თავისუფალ მედიას ხელს უწყობენ, რომ მსგავსი მოღალატეობრივი ფაქტები ამხილონ.
“ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორიადრიუ სალივანი, OCCRP
გასაგებია, რომ რეჟიმის „ბრალდებები“ და ამ „ბრალდებების“ გასამყარებლად, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, რაღაცა „კვლევების“ მოშველიება, საპირისპირო ბანაკიდან, დესპოტური და ტოტალიტარული ჩინეთის წუხილების გახმოვანება, ეს აჩვენებს პირდაპირ, რომ მმართველი რეჟიმი ზუსტად ამ არადემოკრატიული სამყაროს ნაწილია“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
“ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორია” - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავდასხმის საპასუხოდ, OCCRP-ის რედაქტორმა დრიუ სალივანმა.
სალივანი OCCRP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში, OCCRP-მა არაერთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული პრიზი მოიგო, მათ შორის Daniel Pearl-ის, Global Shining Light-ის, Tom Renne-ის, Skoll-ის ჯილდოები და European Press-ის პრემია. 2017 წელს OCCRP-მა, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, „პანამის დოკუმენტების“ გამოაშკარავების გამო, პულიცერის პრემიაც დაიმსახურა.
დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ჟურნალისტური საგამოძიებო პლატფორმის - OCCRP-ის დონორებს და მხარდაჭერებს შორის, არ არის მხოლოდ NED. ე.წ „გაშავების“ კამპანიის დროს, სიტუაციის ამგვარად წარმოჩენას ცდილობდა, როგორც ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მედია, ისე „ქართული ოცნება“.
„ეს გამოძიება აჩვენებს, რომ ივანიშვილი იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მან გაყიდა ბიზნესები რუსეთში. გარდა ამისა, იგი უკვე იძენს ქონებას მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში, სადაც რუსი ოლიგარქები ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს გარემო არის ნორმალური, ძალიან ბუნებრივი და მას უნდა, რომ ზუსტად ასეთი რუსული ჭაობი საქართველოში შექმნას“ეკა გიგაური, TI
OCCRP-ის მხარდამჭერებს და დონორებს შორის არიან: დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ძმები როკფელერების ფონდი, შვედეთის და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვები.
„ეს გამოძიება აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ მან გაყიდა ბიზნესები რუსეთში. სინამდვილეში მას ეს არ გაუკეთებია და 2019 წლამდეც ჰქონდა ბიზნესები, ახლაც აქვს, სულ ცოტა ერთი ბიზნესი, მას, მისი ოჯახის წევრებს და ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც მასთან დაახლოებული პირია" - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
OCCRP-თან, სტუდია მონიტორთან, iStories, GMC და აი ფაქტთან ერთად, TI ამ გამოძიების თანაავტორი იყო. "გარდა ამისა, იგი უკვე იძენს ქონებას მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში, სადაც რუსი ოლიგარქები ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს გარემო არის ნორმალური, ძალიან ბუნებრივი და მას უნდა, რომ ზუსტად ასეთი რუსული ჭაობი საქართველოში შექმნას“ - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
ივანიშვილი და „ოცნება“ თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, მოსკოვში მდებარე ეს ქონება, ოლიგარქმა, 2013 წელს, ქონებრივ დეკლარაციაში ასახა და ჟურნალისტური გამოძიება „სიცრუეა“. თუმცა, მას შემდეგ, რაც OCCRP-მა ივანიშვილის ცოლის ეკატერინე ხვედელიძის მიერ 2024 წლის აპრილში, მოსკოვის გარეუბანში მიწის ყიდვის ამონაწერი გაავრცელა, მმართველი ძალა „შავ პიარზე“ გადავიდა.
„ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ. ყველაზე საინტერესოა, რა მოტივითა და ვისი დაფინანსებით აკეთებენ ისინი ამ ყველაფერს. ასეთი დეზინფორმაციები ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია ამ ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე” - განაცხადა რუსული კანონის ერთ-ერთმა თანაავტორმა, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან“ ამბობს, რომ არ უკვირს ივანიშვილის მხრიდან "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტზე" (OCCRP) , დემოკრატიის ეროვნულ ფონდზე (NED) და მათ ქართველ პარტნიორებზე ორგანიზებული და გააფთრებული შეტევა. NED საქართველოში დამოუკიდებელი მედიის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გარდა, საბჭოთა წარსულის კვლევასაც აფინანსებს.
„ეს არ არის პირველი ყალბი ინფორმაცია, რომელსაც ასეთი ორგანიზაციები ავრცელებენ. ყველაზე საინტერესოა, რა მოტივითა და ვისი დაფინანსებით აკეთებენ ისინი ამ ყველაფერსირაკლი კობახიძე, პრემიერი, "ოცნება"
„ჩვენ რომ დავიწყოთ ახლა ჩამოთვლა, კონკრეტულად, იგივე NED-ის პარტნიორობით და ფინანსური მხარდაჭერით რა გაგვიკეთებია, რა კვლევები განგვიხორციელებია, გამოვიკვლიეთ და საქართველოს ახალმა თაობამ უკვე იცის, ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის შესახებ, დამფუძნებელი მამების, არჩეული დეპუტატი ქალების შესახებ.. მათი ბრძოლის შესახებ, დემოკრატიის დამკვიდრების, რუსული ოკუპაციის და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, ამის მოყოლა უკვე აზრს მოკლებულია, რამდენადაც ეს პრინციპულად მიუღებელი, უმნიშველო და პირიქით, საფრთხის შემცველია, არადემოკრატიული, დესპოტური რეჟიმისთვის.
თუ, შეახსენებ მოქალაქეებს, რომ 100 წლის წინ ასეთი დემოკრატია გვქონდა და ამაზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ეს მოგვიწოდებს, რომ გაცილებით მეტი მოგვეთოხვება დღეისთვის და უფრო მეტი უნდა შევძლოთ, გასაგებია ერთმმართველობაზე, ძალაზე და ტერორზე დაფუძნებულ რეჟიმს რამდენად აწყობს, რომ საზოგადოებას ამას ვინმე ახსენებდეს ?!
ამიტომ ძალიან მარტივია, გამოაცხადო, „გლობალური ომის პარტია“, შეთქმულებების თეორიები დაახვაო და შემდეგ პირდაპირ ისაუბრო, რომ ჩემი ძალაუფლების განადგურება უნდათ და მე მაქვს ლეგიტიმაცია, მათ შევუტიო, შევზღუდო და ქვეყნიდან გავაძევო, ასეთი მარტივია "ოცნების" დღის წესრიგი“ - მიაჩნია ირაკლი ხვადაგიანს.
ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე 2011-12 წლებში, ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა გამომძიებელ ჟურნალისტთა მუშაობას (სტუდია GNS, სტუდია მონიტორი), რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს კორუფციის თუ ძალადობის ფაქტებს ამხელდნენ. ნიშანდობლივია, რომ იმ წლებშიც, გამომძიებელი ჟურნალისტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი სწორედ NED (დემოკრატიის ეროვნული ფონდი) იყო.
2024 წელს, ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, ივანიშვილმა მთელი სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, საგამოძიები ჟურნალისტიკის გასანადგურებლად, ე.წ. "რუსული კანონი" მიიღო.
3 სექტემბრიდან, უცხოური გრანტის მიმღებ ყველა სუბიექტს, მათ შორის საგამოძიებო და მედია ორგანიზაციებს, “აგენტების რეესტრში“ რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე - 25 000, მეორე ჯერზე - 50 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ანალოგიურმა კანონმდებლობამ პუტინის რუსეთში დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი სრულად გააქრო.