2023 წლის მარტის მოვლენებიდან ერთი წლისა და ერთი თვის თავზე, როცა „ქართულმა ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო, იძულებული გახდა, ე.წ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი თავად ჩაეგდო, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ პარლამენტში სადაო კანონპროექტი ხელახლა დააბრუნა.
კანონპროექტში შარშანდელთან შედარებით, ერთადერთი ცვლილებაა. ნაცვლად „უცხოური გავლენის აგენტისა”, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ფონდების გრანტებით მუშაობს, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” უნდა გაფორმდეს და ყოველწლიურად, ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში - 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„ის, რომ ივანიშვილი ამ კანონპროექტს მიუბრუნდა მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნების“ კამპანია, ჯერ LGBTQ კანონთან დაკავშირებით, ქალთა კვოტირებაზე და ა.შ. არ გამართლდა, ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. ამის გადაფარვის მცდელობაა, ის ყველაფერი რაც ახლა ხდება. ვერ გამოიწვიეს საზოგადოება და ახლა ცდილობენ, წინასაარჩევნოდ სხვა თემა შემოაგდონ. ამ კანონპროექტს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და გაჩუმება“გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
„ის, რომ ივანიშვილი ამ კანონპროექტს მიუბრუნდა მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ კამპანია, რომელიც მათ ჰქონდათ, ჯერ LGBTQ კანონთან დაკავშირებით, შემდეგ, სხვა ტიპის მცდელობები, ქალთა კვოტირებაზე და ა.შ, არანაირად არ გამართლდა, ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და ამ შედეგის გადაფარვის მცდელობაა, ის ყველაფერი რაც ახლა ხდება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა.
მისი თქმით, „მათ ვერ გამოიწვიეს საზოგადოება და ახლა ცდილობენ, წინასაარჩევნოდ სხვა თემა შემოაგდონ, რომლითაც პრობლემებს გადაფარავენ: მურუსიძე-ჩინჩალაძესა და სასამართლო კლანთად დაკავშირებით, პრობლემებს სიღარიბეზე, ემიგრაციაზე და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ანუ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად პარალელური რეალობა შექმნან და ამ პარალელურ რეალობაში მთელი საზოგადოება ამყოფონ. ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსული კანონისადმი ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და შესაბამისად, ვერავინ, ვერასდროს, ამ ქვეყანაში რუსული ტიპის მმართველობას ვერ შემოიტანს“.
გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს როგორც შარშან, არც ახლა, საერთო არაფერი აქვს, ენჯეო სექტორის ფინანსების გამჭვირვალეობასთან, რადგან, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ისე დონორებს სრული ინფორმაცია აქვთ, თუ რა გრანტი შემოდის და რაში იხარჯება. შესაბამისად, ტყუილია „ქართული ოცნებას“ მტკიცება, რომ თითქოს, დონორებისგან დაპირება მიიღეს, რომ ენჯეო სექტორის დაფინანსება „უფრო გამჭირვალე იქნებოდა“.
„არანაირი მოლაპარაკება დონორებთან არ ყოფილა და პრინციპში ვერც იქნებოდა. ეს თავიდანვე იყო კანონპროექტი, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების დემოზინება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაქსიმალურად ცუდ ტონში გამოყვანაა. ამ კანონპროექტს ერთი ამოცანა აქვს, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და გაჩუმება“ - მიაჩნია გიორგი მელაშვილს.
2023 წლის მარტის პროტესტის შემდეგ, მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კატეგორიულად ამბობდნენ, რომ ე.წ აგენტების კანონი დახურულია და მას არასოდეს მიუბრუნდებოდნენ. დეპუტატი მამუკა მდინარაძე კი ირწმუნებოდა, რომ „გადათქმის შემთხვევაში, ამას იმხელა რისკი ახლავს, რომ შეიძლება ნებისმიერი ხელისუფლება დამთავრდეს“.
ისევ იმ ნარატივზე აპელირება რომ ენჯეო სექტორის დაფინანსება თითქოს გაუმჭირვალეა, რბილად რომ ვთქვათ, არ შეეფერება სიმართლეს და უბრალოდ შეურაცხმყოფელია. განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელთა ლიდერები გამოირჩევიან იმით, რომ არ ასაჯაროებენ თავიანთ შემოსავლებს და ასობით ათას ლარს იღებენ „საჩუქრის“ სახით, პენსიონერი მშობლებისგანკახა არცივაძე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი "ნეკრესი"
„სიმართლე რო გითხრათ, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, ველოდებოდი, რომ ამ არჩევნების შემდეგ დააბრუნებდნენ ამ რუსულ კანონს. ეხლა რაც მოხდა ნამდვილად მოულოდნელი იყო, ახლა ამ კანონპროექტის შემოგდება ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან აქვთ საქმე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ ბუნებრივი რესურსების პროგრამის კოორდინატორმა კახა არცივაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან“ ისევ იმ ნარატივზე აპელირება რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება თითქოს გაუმჭირვალეა, „რბილად რომ ვთქვათ, არ შეეფერება სიმართლეს და უბრალოდ შეურაცმყოფელია. განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელთა ლიდერები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გამოირჩევიან იმით, რომ არ ასაჯაროებენ თავიანთ შემოსავლებს და ასობით ათას ლარს იღებენ „საჩუქრის“ სახით, პენსიონერი მშობლებისგან. ამ ფულით მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში, ყიდულობენ ქონებას, ძვირფასს საჩუქრებსა და ნივთებს“ - მიაჩნია არცივაძეს.
კახა არცივაძე ამბობს, რომ საერთაშორისო დონორებზე იერიში „ოცნების“ მხრიდან და მათთვის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის” სახელის მიწებება, წარმოუდგენელ პრობლემებს შეუქმნის, არა მხოლოდ მედიის და პოლიტიკურ თავისუფლებას, არამედ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებში არსებულ ათასობით პროექტს, რომლებსაც საერთაშორისო დონორები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აფინანსებენ.
„მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით, ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე ხორციელდება გაჩერდება. იმიტომ, რომ ბიუჯეტში ჩადებული თანხები საერთაშორისო დონორების თანხებია.
პირველ რიგში, ამ ფონდებით ფინანსდება საქართველოს მთავრობა. მაგალითად, დაცული ტერიტორიების განვითარება რო ავიღოთ. ფაქტიურად, არცერთი დაცული ტერიტორია არ არის შექმნილი საქართველოში, საერთაშორისო დონორების დახმარების გარეშე. ყველა ასეთი პროექტი, რომელიც სახელმწიფოს ეგიდით მიმდინარეობს, როგორც წესი, 70-80-90% არის საერთაშორისო ფონდების მიერ მთავრობის დაფინანსება“ - გვეუბნება „ნაკრესის“კოორდინატორი კახა არცივაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი 3 აპრილს „გააცოცხლა“, უმრავლესობის შეკრებისა და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ. ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის 13 წუთიანი სიტყვის მთავარი ლეიტმოტივი იყო, რომ „ოცნება“ დასავლეთმა „გადააგდო“.
„თქვენ ამბობთ, რომ ღარიბაშვილის მთავრობის წევრებს დეკლარაციებმა გააჩინა კითხვები, დეკლარაციები რო არ ყოფილიყო კითხვები ხომ არ გაჩნდებოდა? და ენჯეობს სურთ, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდეს“მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი
„თქვენ ამბობთ, რომ ღარიბაშვილის მთავრობის წევრებს დეკლარაციებმა გააჩინა კითხვები, დეკლარაციები რო არ ყოფილიყო კითხვები ხომ არ გაჩნდებოდა? ამ კითხვებს, ოღონდ, მერე პასუხი გაეცა! რა პასუხი გაეცა, მაგაში აღარ შევიდეთ, დეტალური პასუხი გაეცა..კარგით შევალ თუ გინდათ, ხან პენსიონერია მარტოო, ღარიბაშვილის მამა, ხან ბიზნესი აქვსო. თუ ბიზნესი აქვს შესაძლებლობა რატომ არ აქვს?
ეს არის იმის მამტკიცებელი, რომ დეკლარაცია რომ არ შეევსო ამ ადამიანს თქვენ კითხვაც ვერ გაგიჩნდებოდათ და ენჯეობს სურთ, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდეს“ - ასე აუხსნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ენჯეო სექტორისთვის „უცხორი გავლენის აგენტისა” იარლიყის მიწებებისა და „ფინანსური დეკლარაციის შევსების აუცილებლობა. მდინარაძემ შარშანდელი ჩავარდნა იმით ახსნა, რომ პარტიას „საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაცია არ ჰქონდა“.
რუსული კანონის დაინიცირებას ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა, პრემიერი ირაკლი კობახიძე, „ახალი კანონი „დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული“ - წერს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტში, სადაც „ოცნება“ უმრავლესობას ფლობს, რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას, პირველი დიდი შეხლა-შემოხლა უკვე მოჰყვა. „მოქალაქეთა“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც 17 წელი (2003-2020) ხელფასს უცხოური დონორი ორგანიზაციისგან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) იღებდა, „რუსული კანონის“ ხსენების გამო მიკროფონი გაუთიშა.
მოგვიანებით კი ელისაშვილის საცემრად მამუკა მდინარაძე და „ოცნების“ ათზე მეტი დეპუტატი იწევდა. მანამდე, „ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარია ოპოციზიონერ დეპუტატ ქალებს, დამამცირებელი და სექსისტური ფრაზით („ესაა მოუ---ნელი ქალების სინდრომი“) მიმართა.
„ქართულმა ოცნების“ პირველ მცდელობას 2023 წლის მარტში, მიეღო რუსული კანონი, უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა. ერთმა პროტესტანტმა ზაზა ბიღიაშვილმა, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით თვალი და მხედველობა დაკარგა. არაერთი შეტაკების დროს, დაშავდნენ როგორც დემონსტრანტები, ისე პოლიციელები. პოლიციამ 2-დან 9-მარტის ჩათვლით 170-მდე დემონსტანტი დააკავა და შემდეგ გაათავისუფლა.
საპატიმრო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება მარტის აქციების ერთი მონაწილე, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციამ შარშან, 29 მარტს დააკავა. გამოძიება მას პოლიციელის მანქანის დაწვას და “მოლოტოვის კოქტეილის” სროლას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელის.
„ოცნებაში“ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ აცხადებენ, რომ პროტესტს ისევ ელიან, მაგრამ ამჯერად „რისკებს დააზღვევენ“. ექსპერტების აზრით, სადაო კანონპროექტები, რომლებზეც მთელ ფსონს ჩამოდის ივანიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩვენების წინ, ერთი ერთში იმეორეს, პუტინის მიერ რუსეთში და ორბანის მიერ უნგრეთში, ბოლო წლებში მიღებულ, ანტიდემოკრატიულ და ჰომოფობიურ კანონებს.