საქართველოს მმართველი გუნდის მიერ, ე.წ. "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" თაობაზე კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირების გეგმას გამოეხმაურნენ სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა შარშან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ ეს იყო კანონპროექტი, რომელმაც უამრავი ადამიანი საპროტესტოდ ქუჩაში გამოიყვანა.
"ჩვენ ვნახეთ ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ განიხილონ ეს შესაძლო კანონმდებლობა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩებში იმისთვის, რომ ნათელი გაეხადათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვათ ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს გვერდით დგომა", - განაცხადა მეთიუ მილერმა ოთხშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ცდილობს ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონის მიღებას. კანონპროექტი, რომელმაც ერთი წლის წინ ქვეყნის შიგნით მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი, ქვეყნის გარეთ კი მკაცრი კრიტიკა გამოიწვია, თითქმის უცვლელად, კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლება ამბობს, რომ ის სიტყვა „აგენტებს“ აღარ გამოიყენებს და რეგულაციების სამიზნე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები“ იქნებიან. პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს თავად დაეხმარება „გაევროპულებაში" და გამჭვირვალობის გაზრდაში. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოელი ექსპერტების შეფასებებით, ეს „რუსული კანონია“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის შეზღუდვაა.