ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პუტინის ახლო გარემოცვასთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან, ამ დრომდე, არ აკეთებს კომენტარს, თუ, ვისი შეთავაზებით და რა მიზნით მოხდა, მისი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა.
თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხიდაშელს 2020-2024 წლებში, მინისტრის მრჩევლის პოზიცია ნამდვილად ეკავა და ხელფასის სახით, ყოველთვიურად, 1000 ლარს იღებდა.
ყოფილმა პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ამჟამად, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, რუსეთიდან „მნიშვნელოვანი რუქების“ ჩამოტანის გამო დაინიშნა.
"ხიდაშელის რუქების" საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ 2020 წელს, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც „კარტოგრაფების საქმის“ სახელით არის ცნობილი და აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი ყოფილი წევრი დააპატიმრა. ამ საქმეს, რომელსაც მესამე სექტორმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, სასამართლო მესამე წელია იხილავს.
„თუ კი დავით ხიდაშელის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან, კოსმოსულ თუ კავშირგაბმულობის კომპანიებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარკვეული ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ“ანდრო გოცირიძე
ის, რომ დავით ხიდაშელი ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის, შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, თავდაცვის სამინისტროში მრჩეველი იყო, „მთავარმა არხმა“ გაახმაურა.
თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, განაცხადა რომ ხიდაშელს "საიდუმლო მასალებზე წვდომა არ ჰქონდა" და მასთან ხელშეკრულება თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძის შეცვლის შემდეგ, ავტომატურად გაწყდა.
„თუ, კი დავით ხიდაშელის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ის ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან, რუსეთის კოსმოსურ ტექნოლოგიებთან, რუსეთის კავშირგაბმულობის კომპანიებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარკვეული ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ანდრო გოცირიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯეროვნად ვერ ახსნა, რა აუცილებლობა არსებობდა, ხიდაშელისთვის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის ლეგალური სტატუსი მიენიჭებინათ.
„ხელფასი ბუნებრივია მას არ შეიძლება აინტერესებდეს, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მაშინ სად და რა სტატუსით წარმოადგენდა ის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს? - კითხულობს ანდრო გოცირიძე.
"ჩვენ არ ვიცით, საერთოდ რა ბენეფიტი მიიღო, საქართველომ ხიდაშელის მიერ რუსეთიდან მაგ რუქების ჩამოტანით. უკვე 3-4 წელია, ამ რუქების ამბიდან გასული და რეალურად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, საქართველოს სასარგებლოდ სიტუაცია არ შეცვლილა.
ეს ერთი, და მეორეც, კარტოგრაფიულ და საზღვრის დემარკაციის პროცესებში მონაწილეობას არ სჭირდება თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა, ამის აუცილებლობა არ იყო. კომისიას თუნდაც, ექსპერტის სახით შეეძლო მოეწვია ნებისმიერი პიროვნება, ერთჯერადი შრომითი ხელშეკრულებით ან ანაზღაურების გარეშე.
თავდაცვის სამინისტროში მინისტრი მრჩევლის პოზიცია გულისხმობს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის მქონე პირებთან გარკვეულ შეხებას ან იმ პირებთან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე. როდესაც ამ პირებთან მიახლოების ლეგალურ საშუალებას უქმნი უცხო ქვეყანასთან, რბილად რომ ვთქვათ, დაკავშირებულ პიროვნებას, ეს ძალიან გულუბყვილო და გაუფრთხილებელი ნაბიჯია“ - მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.
რა ვიცით დავით ხიდაშელის შესახებ? იგი თბილისში დაიბადა და განათლება საბჭოთა საქართველოში მიიღო. 58 წლის ხიდაშელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, პუტინის გარემოცვის წევრის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორია. ხიდაშელი თავად უკრაინის მიერ არის სანქცირებული.
ხიდაშელს წლების მანძილზე, მაღალი თანამდებობები ეკავა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ვლადიმერ ევტუშენკოვის კუთვნილ, უმსხვილეს რუსულ კონგლომერატ „სისტემაში“, რომელიც თავის მხრივ, 2023 წლიდან, აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება
ხიდაშელს წლების მანძილზე, მაღალი თანამდებობები, მათ შორის, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ევტუშენკოვის კუთვნილ, ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ კონგლომერატ „სისტემაში“, რომელიც თავის მხრივ, 2023 წლიდან აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება.
„სისტემას“ მსხვილი კონტრაქტები აქვს, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, ისე თავდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც სატელეკომუნიკაციო, კავშიგბამულობის საშუალებებს და საბრძოლო დრონებს აწვდის.
ხიდაშელი ასევე იყო, „სისტემაში“ შემავალი მსხვილი რუსული IT კომპანია „სიტრონიქსის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. სწორედ „სიტრონიქსის“ მეშვეობით იყიდა „სისტემამ“ 2006 წელს, ბერძნული კომპანია Intracom Telecom-ის საკონტროლო პაკეტი.
ამ გარიგების შემდეგ, ხიდაშელი უკვე რუსულ-ბერძნული Intracom-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. 2020 წელს, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ხიდაშელი ირწმუნებოდა, რომ Intracom Telecom-ში, დაახლოებით, 15-20% ჩემი ბიზნესია". თუმცა, ამჟამად, მისი გვარი კომპანიის ვებ-გვერდზე არ იძებნება.
"ამერიკის ხმის" შეკითხვაზე, თუ რა პოზიციას იკავებს, ხიდაშელი Intracom Telecom-ში, კომპანიიდან მოგვწერეს, რომ "ხიდაშელს ბოლო რამდენიმე წელია ჩვენს დირექტორთა საბჭოში არ ეკავა პრეზიდენტის ან საბჭოს წევრის თანამდებობა. ამასთან, ჩვენ გვინდა დავაზუსტოთ, რომ ამ პიროვნებას და ჩვენს კომპანიას შორის არანაირი ურთიერთობა არ არსებობს". Intracom Telecom-ში ასევე აღნიშნეს, რომ არ მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე, თუ რას საქმიანობს ამჟამად დავით ხიდაშელი.
ხიდაშელი, რომელიც შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს, ქართულ პოლიტიკაში 2020 წელს, რუსეთიდან ჩამოტანილი რუქებით და სკანდალური „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი ძირითადი მოწმის სტატუსით გამოჩნდა.
სახალხო დამცველის და მესამე სექტორის აზრით, ხიდაშელის ჩვენებების საფუძველზე, პროკურატურამ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უსაფუძვლოდ დააკავა და „ქართულ ოცნებას“ ამ ფონზე აგორებული პროპაგანდისტული კამპანიით „გარეჯი საქართველოა“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გაუადვილა. "აშკარა პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას" - ვკითხულობთ ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხიდაშელსაც, ჩვენი ხელისუფლება იყენებს გარკვეული კავშირებისთვის რუსეთის ხელისუფლებასთან
ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, მას რუსეთის არქივებში რუქების მოძიება, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, რუსეთში გაქცეული იგორ გიორგაძის პარტნიორმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბეჟან მაისურაძემ სთხოვა. მაისურაძეც ასევე „კარტოგრაფების საქმის“ მოწმეა.
ბეჟან მაისურაძე თავის მხრივ, აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთში გაქცეული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ქართული ავიაკომპანია „აირზენას“ ყოფილი დირექტორის რომან ბოკერიას ბიზნესს პარტნიორია.
2022-23 წლებში, სწორედ ამ პერსონებმა შეასრულეს, „შუამავლის როლი“ მოსკოვსა და თბილისს შორის, რასაც რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოჰყვა. 2023 წლის მაისში, რომან ბოკერიამ პირადად გადაუხადა მადლობა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხიდაშელსაც, ჩვენი ხელისუფლება იყენებს გარკვეული კავშირებისთვის რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ 3-4 წლის მანძილზე, ხიდაშელის გვარმა რამდენჯერმე გაიელვა, იქნება ეს დავით გარეჯის თემა და მაშინ მიმდინარე საარჩევნო სპეკულაციები, გნებავთ რაჭის ტყეები...ბუნებრივია ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება “ - ამბობს ანდრო გოცირიძე და იხსენებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დახმარებისთვის ბიძინა ივანიშვილს ურეკავს და საუბარში დავით ხიდაშელსაც ახსენებს.
რა საიდუმლო ინფორმაციის წვდომაზე მელაპარაკებით?! საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ არაფერზე და ატყუებთ ხალხს! ეს არის აბსურდი! ოთხი წელი ისე მუშობდა, კითხვა არ დასმულა. არ ვიცი, ახლა რატომ ასწიეს ეს თემა“ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთიდან რუქების ჩამოტანის გამო, დავით ხიდაშელი 2021 წელს საჯაროდ შეაქო და თქვა, რომ ხიდაშელის „ვალი მიჰყვება“.
ამ შექებიდან მალევე, საქართველოს მთავრობამ რუსეთის ბიზნესმენს რაჭაში 105 ათასი ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა. 2022 წლის ბოლოს კი ხიდაშელმა თბილისის ცენტრში, „რიყის დოქებიც“ დიდი ფასდაკლებით შეიძინა.
2023 წლის ბოლოს, სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხიდაშელს რაჭაში, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია გაუუქმა. თუმცა, თავად ხიდაშელი ამტიცებდა, რომ ეს ბიზნესი გაყიდა.
„ოთხი წელი იყო სიმბოლურად მრჩევლის თანამდებობაზე, ზოგადად რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის საკითხებში, რუკებში და ა.შ.
რა საიდუმლო ინფორმაციის წვდომაზე მელაპარაკებით?! საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ თქვენ არაფერზე და ატყუებთ ხალხს! ეს არის აბსურდი! ოთხი წელი ისე მუშობდა, კითხვა არ დასმულა. არ ვიცი, ახლა რატომ ასწიეს ეს თემა“ - ასე ახსნა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნა, მედიასთან საუბრის დროს, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2022 წლის მაისში, ხიდაშელი, იორდანიაში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერ ღარიბაშვილს თან ახლდა. ღარიბაშვილის თქმით, „ჩვენ, ხიდაშელს ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა და მადლობა გადავუხადეთ მას“.
უფრო შორს წავიდა პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ ხიდაშელიც და ევტუშენკოვიც, არა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, არამედ, თითქოს, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირები არიან.
ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოსირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი
„აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა (ევტუშენკოვი) იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან“ - ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი კობახიძე.
„საქართველოს ინტერესებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, გაირკვეს როგორ მოხდა ამ ადამიანის აქ დანიშნვა. ჩვენ ვიცით, რომ ის წარმოადგენს უმსხვილეს რუსულ კორპორაციას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ.
სიხარულიძის თქმით, ხიდაშელი იყო და დღემდე არის მონაწილე "ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფარსის საქართველოს უახლოეს ისტორიაში", ე.წ „კარტოგრაფების საქმის“, რასაც ორი „სრულიად უდანაშაულო საჯარო მოხელის დაპატიმრება“ მოჰყვა.
„მე ვფიქრობ რომ ამ საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა რთული იქნება, რა თქმა უნდა, ყველანაირად დააფარებენ ხელს... ასეთი ტიპის დანიშვნას სჭირდება უსაფრთხოების სამსახურებისგან „მწვანე შუქის“ ანთება, ამის გარკვევა, მისცეს თუ არა დაშვება, არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
ასეთი ტიპის დანიშვნას სჭირდება უსაფრთხოების სამსახურებისგან „მწვანე შუქის“ ანთება, ამის გარკვევა მისცეს თუ არა დაშვება, არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდებადავით სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
მით უმეტეს, ამ ადამიანის გარშემო მითები შექმნეს, რომ რაღაც დოკუმენტები ჩამოიტანა, რომელიც თითქოს არავის არ ჰქონდა ნანახი. იმის მერე სამი წელი გავიდა და რას გამოადგა ის დოკუმენტი? ბუნებრივია ამაზე პასუხი არ არის“ - ამბობს დავით სიხარულიძე.
დავით ხიდაშელის გვარი მარტის დასაწყისშიც აქტუალური იყო. იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ერთად, კაფეში, რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად, კონფედერაციის მოწყობის, ოკუპირებულ აფხაზეთში კი რკინიგზის გახსნის შესაძლებლობას განიხილავდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის მონაკვეთის გახსნას და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასკრემლი დიდი ხანია ცდილობს.
ხიდაშელი-ვოლსკის ეს შეხვედრა შემთხვევით, ოპოზიციური პარტია „დროას“ წევრებმა გადაიღეს, რის შემდეგაც პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს „ახსნა-განმარტების“ გაკეთება მოუწია. თავად დავით ხიდაშელი კრემლთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირს უარყოფს.