შეერთებულმა შტატებმა 110 მილიონზე მეტი დოზა ამერიკაში დამზადებული კოვიდ-19-ის ვაქცინა გააგზავნა 60-ზე მეტ ქვეყანაში. განცხადება ამის თაობაზე თეთრმა სახლმა სამშაბათს გაავრცელა.
დახმარების უმეტესი ნაწილი ვაშინგტონმა მსოფლიოს ქვეყნებს "კოვაქსის" საშუალებით მიაწოდა. აღნიშნული პლატფორმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა, ვაქცინების უფრო თანაბარი გადანაწილების და ღარიბი ქვეყნებისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად. ამას გარდა, ვაქცინების გაგზავნაში მონაწილეობა ისეთმა რეგიონულმა პარტნიორობებმაც მიიღეს, როგორიცაა აფრიკული კავშირი ან კარიბული საზოგადოება.
ასევე ნახეთ: 3 მილიონი "მოდერნას" ვაქცინა პაკისტანს - ამერიკის მორიგი დახმარებათეთრი სახლის განცხადებით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დანაპირების შესრულების ნაწილია, რომელმაც გაზაფხულზე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს კოვიდ-19-ის ვაქცინის, სულ ცოტა, 80 მილიონი დოზით დაეხმარება. ვაშინგტონი ამბობს, რომ ეს მხოლოდ "პირველადი შესატანია" და ამერიკა მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე კიდევ ასობით მილიონ დოზას გაიღებს.
სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაცია "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის ნახევარ მილიარდამდე დოზის გაგზავნას 100-მდე დაბალი შემოსავლის ქვეყნისთვის გეგმავს. დღეს ამ საკითხზე განცხადებას თავად პრეზიდენტისგანაც ელიან.