აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან (CDC) მომუშავე მრჩეველთა ჯგუფი განიხილავს მოსახლეობის ნაწილისთვის კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი, მესამე დოზის ადმინისტრაციის საკითხს. საუბარია იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანთა ჯგუფზე, რომლისთვისაც კოვიდ-19-ის მწვავე ფორმით დაავადება გაცილებით დიდი ალბათობაა.
მონაცემთა ბაზა, რომელიც CDC-ის მრჩევლებს წარუდგინეს, ადასტურებს, რომ აცრებით გამოწვეული ანტისხეულების საპასუხო რეაქცია ამ ჯგუფში გაცილებით ნაკლებია ჯანმრთელ ადამიანთა ჯგუფთან შედარებით. "ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ კოვიდ-19-ის დამატებითი დოზა იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში აძლიერებს ანტისხეულების პასუხს და ზრდის მოპასუხეთა პროპორციას" - ნათქვამია ერთ-ერთ გრაფიკულ გამოსახულებაში, რომელიც შეხვედრისთვის მომზადდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაში ზრდასრულ ადამიანთა წილი, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს, 2.7%-ს შეადგენს. ეს 2013 წლის მონაცემებია და სპეციალისტების აზრით, ახლა მათი რიცხვი შესაძლოა მეტიც იყოს.
ამ ჯგუფში ერთიანდება ბევრი სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანი, რომელთა შორისაა შიდსი, სხვადასხვა კიბო, აუტოიმუნური დაავადებების, თუ გადანერგილი ორგანოების მქონეები. ამ ინდივიდებს აღნიშნული დაავადების, ან მკურნალობის მეთოდების გამო იმუნიტეტი უფრო სუსტი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს. შესაბამისად, კოვიდ-19 მათთვის გაცილებით მაღალი რისკის მატარებელია.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი შესაბამის რეკომენდაციას მალე გასცემს. მოსახლეობის იმუნოკომპრომეტირებულ ნაწილს CDC ურჩევს, სრულად ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც ფრთხილად იყვნენ და თავდაცვის ზომები მიიღონ.
გასულ კვირას ისრაელმა უკვე დაიწყო იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრაცია. საუბარია "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით დოზაზე.
Facebook Forum