ვაშინგტონი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში, პრეზიდენტ ბაიდენის დაპირებისამებრ, შეერთებული შტატების არმიის მიერ ახლადაშენებული მცურავი დროებითი ნავმისადგომის საშუალებით, უკვე შევიდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია. განცხადება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ 17 მაისს გაავრცელა.
ეს ტვირთი პირველია ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ამ ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში. ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მათ ამ დროებითი ნავმისადგომით შეეძლებათ სექტორში დღეში 150-მდე სატვირთო მანქანა დაცალონ. იმ ფონზე, როცა ისრაელი აგრძელებს თავდასხმას ღაზის სექტორზე და ახლა რაფას, სექტორის იმ ქალაქს უტევს, სადაც დევნილებლად ქცეული პალესტინელები თავს აფარებდნენ, ამ გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.
მართალია, დროებითი ნავმისადგომი გარკვეულ შვებას მისცემს ღაზის მოსახლეობას, მაგრამ ამერიკა და მისი დამხმარე ჯგუფები ამბობენ, რომ ნავსადგურის პროექტი არ განიხილება ჰუმანიტარული დახმარების სახმელეთო მიწოდების შემცვლელად. სახმელეთო გზა ახლა ერთადერთია, რომლითაც შესაძლოა ღაზაში ყველა საჭირო დახმარების შეტანა, მათ შორის - საკვების, წყლისა და საწვავის. ომამდე, ღაზაში, დღეში საშუალოდ 500-ზე მეტი სატვირთო მანქანა შედიოდა. ოპერაციის წარმატება ასევე ეჭვქვეშაა ბოევიკების თავდასხმის რისკის, ლოგისტიკური დაბრკოლებებისა და სატვირთო მანქანების საწვავის მზარდი დეფიციტის გამო.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ 17 მაისს თქვა, რომ დახმარების პირველი ტვირთი ღაზაში დღეს, დილის 9 საათზე შევიდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაპირებისამებრ, ამერიკელი ჯარისკაცები ხმელეთზე არ გადასულან.
„ეს არის მუდმივი მრავალეროვნული მცდელობა, ღაზაში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებითი დახმარების მიწოდების მიზნით, რომელიც ხორციელდება საზღვაო დერეფნის გავლით. ის მთლიანად ჰუმანიტარული ხასიათისაა და მოიცავს მრავალი ქვეყნისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ შემოწირულ დახმარებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამერიკის არმიამ დროებითი მცურავი ნავმისადგომის დამონტაჟება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ერთი დღით ადრე, 16 მაისს დაასრულა.
2023 წლის 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის გამო, იქ 1,200 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი "ჰამასს" ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს. ამის შემდეგ ისრაელმა "ჰამასის" განეიტრალების მიზნით, ღაზის სექტორს შეუტია. ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ისრაელის თავდასხმამ ღაზის სექტორში 35 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას "ჰამასი" ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული.