ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ უკრაინის გათბობის, ელექტრომომარაგების და წყლის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი სარაკეტო იერიშებით, კრემლი დასავლეთში უთანხმოებას ვერ დათესს და კიევის მხარდაჭერას ვერ შეასუსტებს. განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 30 ნოემბერს, ნატოს მინისტერიალის შემდეგ გააკეთა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი იერიშის დაწყებიდან მე-10 თვე დაიწყო.
ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი "ცეცხლის და რისხვის" ობიექტად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა შეარჩია, რომელსაც სასტიკად ცივი და მკაცრი ზამთარი ელის. "გათბობა, წყალი და დენი - ეს არის პრეზიდენტ პუტინის ახალი სამიზნე. ის მათ ძლიერ უტევს. უკრაინელი ხალხის მიმართ დაუნდობლობა ბარბაროსულია" - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ასევე ნახეთ: ნატო ცდილობს შეამსუბუქოს ომის გავლენა საქართველოზე, ბოსნიასა და მოლდოვაზებლინკენმა პუტინს ბრალი დასდო იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის კოალიციის დანაწევრებას ცდილობს და უკრაინის მხარდაჭერაში დასავლური ქვეყნების დაპირისპირებას ესწრაფვის. უკრაინის დღევანდელი რუტინა ომი და სიბნელეა, დასავლეთს კი თვალის გასწორება ენერგიის წყაროებზე მზარდი ფასებისთვის უწევს.
"ამ სტრატეგიამ არ იმუშავა და არც იმუშავებს" - აღნიშნა ჟურნალისტებთან ბლინკენმა. "ჩვენ კვლავ დავუმტკიცებთ მას, რომ ცდება. სწორედ ესაა ის, რაც მე ბუქარესტში თითოეული ქვეყნისგან ხმამაღლა და გარკვევით მოვისმინე".
რუმინეთში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორდღიანი სამიტის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა საგანგებო სასამართლოს მოწვევისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით უნდა გაიმართოს, რომელზეც მოხდება "რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიება და დასჯა".
ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ რუსეთმა და რუსმა ოლიგარქებმა კიევს საკუთარი შეიარაღებული ძალების მიერ მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაურონ. "რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელად არ ჩაივლის" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ: "ჩვენ უკან არ დავიხევთ,"- სტოლტენბერგი ამბობს რომ უკრაინის დახმარება გრძელდებანატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტზე თქვა, რომ "ნატოს კარი ღიაა" და რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, უკრაინა ერთ დღეს დასავლეთის სამხედრო ალიანსს შეუერთდება. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზღვრები ევროპაში იზრდება. ჩრდილოეთ მაკედონიის და მონტენეგროს შემდეგ, მალე მისი წევრები გახდებიან შვედეთი და ფინეთი.
"რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს" და ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებას ვერ დაუშლის, თქვა სტოლტენბერგმა, რომელიც წარსულში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო. "პრეზიდენტი პუტინი სუვერენულ ქვეყნებს ვერ აუკრძალავს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც რუსეთს საფრთხეს არ უქმნის. ვფიქრობ მას რისიც ეშინია, ესაა დემოკრატია და თავისუფლება, ეს არის მთავარი გამოწვევა მისთვის" - დასძინა სტოლტენბერგმა.