ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური სასამართლო უნდა შეიქმნას.

ფონ დერ ლეიენის თქმით, სასამართლო გაერთიანებული ერების ხმარდაჭერით უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და გასამართლება მოხდეს.

მისივე თქმით, უკრაინაში საჭირო აღდგენითი სამუშაოების ფასი სწორედ რუსმა ოლიგარქებმა უნდა გადაიხადონ, რადგან ეს ზიანი და ნგრევა რუსეთის შეიარაღებული ძალების ბრალია. "რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა ეს განცხადებები ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, სავარაუდოდ, 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

„პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფინანსურად უნდა აანაზღაუროს იმ ნგრევის საფასური, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისადმი მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთსა და მის ოლიგარქებს უკრაინაში ზარალის ანაზღაურება და ქვეყნის აღდგენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს. ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, პარტნიორებთან ერთად შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ამ სახსრებს მართავს და შემდეგ შემოსავალს უკრაინის საჭიროებებისთვის გაანაწილებს.

„სანქციების მოხსნის შემდეგ კი ეს თანხები უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთმა სრული კომპენსაცია გადაუხადოს უკრაინას მიყენებული ზიანისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და განმარტა, რომ იმუშავებენ საერთაშორისო შეთანხმებაზე იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს.

XS
SM
MD
LG