15 ივლისს ორი წელი გავიდა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან. ამბოხს 250 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ათობით ათასი ადამიანი დააპტიმრეს და ამდენივე საჯარო მოხელე სამსახურებიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მათ, მთავრობის თქმით, ტერორირსტებთან კავშირი ედებათ ბრალად.
გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში პრეზიდენტი ერდოღანი ამერიკაში მცხოვრებ რელიგიურ ლიდერს, ფეტჰულა გულენს და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
კვირას შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაგმო გადატრიალების მცდელობა, უწოდა მას "დემოკრატიაზე საზარელი თავდასხმა" და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთსა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ჯეიმს ჯეფრი, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ინსტიტუტის მკვლევარი და ამერიკის ყოფილი დიპლომატი თურქეთში ამბობს, რომ მიუხედავად მანამდე არსებული დიდი სკეპტიციზმისა, ამ ხნის შემდეგაც, სხვა ახსნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ეს გულენის მოძრაობამ და მასთან დაკავშირებულმა ძალებმა მოაწყვეს.
მისი თქმით, რეგიონში მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ასეთ მასშტაბურ გადატრიალებას გულენის ქსელი ისე ვერ განახორციელებდა, მის ლიდერს რომ არაფერი სცოდნოდა.
ჯეფრი აცხადებს, რომ მიუხედავად ბევრი ორმხრივი საკითხისა და უთანხმოებისა, ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა ანკარასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.