ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ნატო-ევროკავშირს და რუსეთ-ირანს შორის


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტის მუშაობაში, რომელიც ბრიუსელში ოთხშაბათს იხსნება. ერდოღანის მონაწილეობა საყურადღებოა, ვინაიდან თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ, ისმის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ერთგულია ანკარა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ.

ეჭვების საფუძველს კრემლთან ერდოღანის მზარდი კავშირებიც იძლევა. მისი მმართველობის დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა გაღრმავდა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ორივე ქვეყანა ირანთან თანამშრომლობით, სირიაში ომის დასრულებისთვის კოორდინირებულად მოქმედებს. ამ ყველაფერთან ერთად, ნატოსთან ურთიერთობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ანკარამ ალიანსისგან მიღებული გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ნატო-ევროკავშირს და რუსეთ-ირანს შორის” - ამბობს თურქი პოლიტოლოგი ათილა იეშილადა, ორგანიზაციის “გლობალ სორს პარტნერს” წარმომადგენელი. მისი თქმით, “ეს ყველა დროის ყველაზე რთული არჩევანია. ღობეზე ჩამოჯდომის საშუალება აღარ არის, რომელი მხარეც არ უნდა ავირჩიოთ, მეორე მხარე დამსჯელ ზომებს გაატარებს”.

ანკარა აცხადებს, რომ ის კვლავ დასავლეთის სტრატეგიული ალიანსების ერთგულია. თურქეთი ამტკიცებს, რომ მოსკოვთან და თეირანთან მისი ურთიერთობა სავაჭრო კავშირებს ემყარება და ამასთან, მათ სირიაში კონფლიქტის დასრულების აუცილებლობაც აერთიანებთ.

“თურქეთი ყოველთვის მიმართავდა დიპლომატიური ძალით დაბალანსების მეთოდს” - აღნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ჰუსეინ ბაღჩი, ანკარის ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. “რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები თანდათან უფრო უმჯობესდება და დადებითი მიმართულებით ვითარდება. თუმცა, თურქეთმა ამ ურთიერთობების ლიმიტიც იცის. თურქეთი ნატოს არ დატოვებს. ეს არც კი განიხილება” - აღნიშნავს პროფესორი ბაღჩი.

სამიტის განმავლობაში ერდოღანი ბრიუსელში, ნატოს სამიტის კულუარებში, ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც შეხვდება. თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან ერთად, საუბრის თემა სავარაუდოდ, ირანზე სანქციების დაწესებაც იქნება.

ერდოღანი შეეცდება, სანქციების დაწესებას თავი აარიდოს. ირანიდან მიწოდებულ საწვავს ენერგო-რესურსებით ღარიბი თურქეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს არც თუ იოლი ამოცანაა იმ ფონზე, როცა ამერიკამ ირანთან ბირთვული შეთანხმება დატოვა, რაც ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების განახლებას იწვევს.

ნატოს მოკავშირეებს შორის დაძაბულობაში ერთ-ერთ წამყვან როლს სირიის საკითხიც თამაშობს. ანკარა ვაშინგტონს სთხოვს სირიაში ქურთი სამხედროების მხარდაჭერა შეწყვიტოს, მაშინ როცა ვაშინგტონის დახმარებით, ქურთები დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვიან. თურქეთი სირიელ ქურთებს თავის ქვეყანაში მცხოვრები ქურთი უმცირესობის მხარდაჭერაში და დახმარებაში ადანაშაულებს, რომელთაც ანკარა ტერორიზმში და ამბოხში სდებს ბრალს.

აშშ და თურქეთი

ტრამპს და ერდოღანს ბევრი რამ აქვთ საერთო, რაც მათ კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. თუნდაც ის, რომ ორივე ლიდერი საკუთარ თავს პოლიტიკურ აუტსაიდერად მიიჩნევს. თუმცა, ტრამპზე კონგრესის მხრიდან გრძელდება ზეწოლა თურქეთში დაკავებული ამერიკელი მღვდლის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების გამო. ის თითქმის ორი წელია დაჭერილია და ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებას ელოდება. ამერიკელი კანონმდებლების ერთი ნაწილი თვლის, რომ ბრანსონი პოლიტიკური მძევალია.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, ჰუსეინ ბაღჩის თქმით, “მღვდელი შეიძლება ხვალვე გამოუშვან. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია… მას ალბათ მართლაც შეგვიძლია პოლიტიკური მძევალი დავუძახოთ. გერმანელი ჟურნალისტი დენის იუსელიც გვყავდა დაპატიმრებული. შემდეგ ის გაუშვეს. პრეზიდენტმა გადაწყვიტა მაშინ და მასვე შეუძლია ეს გადაწყვეტილება ახლაც მიიღოს. ახლა, მანევრირებისთვის მას მეტი საშუალება აქვს”.

ბრანსონის გაშვება-არგაშვება ერდოღანმა ანკარის მოთხოვნას დაუკავშირა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თურქი სასულიერო პირის ფეთულა გიულენის ექსტრადიციის თაობაზე. მას თურქეთი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამერიკის კონგრესი კი ანკარას აფრთხილებს, რომ თუ მღვდელს არ გაათავისუფლებს, თურქეთს სანქციებს დაუწესებენ. თურქეთი უარზეა, მეტიც: ანკარა შურისძიებით და სასამართლოში ჩივილით იმუქრება.

ევროკავშირი და თურქეთი

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის გაყინვის ფონზე, პრეზიდენტი ერდოღანი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებსაც შეხვდება. ამ მიმართულებით ანალიტიკოსები დიდ ცვლილებებს არ ელიან, მითუმეტეს იმ მზარდი შეშფოთების გათვალისწინებით, რაც თურქეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით და ერდოღანის მიერ ძალაუფლების მთავარი ბერკეტების ხელში ჩაგდებით არის გამოწვეული.

მას შემდეგ, რაც ერდოღანი ქვეყნის ლიდერად აირჩიეს, ორშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ ერთ-ერთი პირველი საპრეზიდენტო გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების სამინისტროს დახურვა იყო. სამინისტრო საგარეო უწყებასთან გააერთიანეს. დასავლეთმა ეს ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მხრივ, მკვეთრ გზავნილად აღიქვა.

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე ერდოღანი, სავარაუდოდ, თავის მთავარ ბერკეტს აამუშავებს. თურქეთი ევროპის კავშირისთვის ერთგვარი ჭიშკართან მდგომი დარაჯია, რომელსაც მიგრანტების ნაკადის გაკონტროლება შეუძლია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ერდოღანი ევროპასთან საბაჟო კავშირის თაობაზე გაყინული მოლაპარაკების განახლებას შეეცდება.

გერმანია ამ სვლას ეწინააღმდეგება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დათმობებზე წავიდეს. თურქი ოპოზიციონერი ერთუღრულ ქურქჩუ ამბობს, რომ ერდოღანის არჩევამ რეგიონში კარი “რეალისტური პოლიტიკის” ახალ ეპოქას გაუღო. “დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი პრაგმატული იქნება. ისინი თურქეთის დემოკრატიულ გარდაქმნებში ინვესტირებას შეეშვებიან და გადაწყვეტენ, საქმით მაინც იხეირონ” - ამბობს ის.

ანალიტიკოსის თქმით, ამ რეალობაში თურქეთიც მოიგებს და ევროკავშირიც. “ისინი იტყვიან: რა საოცრებაა, რომ მიგრაცია შეჩერდა. ამით კმაყოფილი დარჩებიან. ისიც გაახარებთ, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღარ ილტვის. ყველა ბედნიერი იქნება” - აღნიშნავს ერთუღრულ ქურქჩუ. მისი აზრით, ძალზე ბუნებრივია, რომ საკუთარ ქვეყნებში ნაციონალიზმის და ქსენოფობიის აღმავლობის ფონზე, ევროპას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლების არანაირი სურვილი არ ჰქონდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG