პრეზიდენტი ტრამპი გაეროსგან ჩინეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს და ამბობს, რომ ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის დროს ორჯერ იცრუეს და მათ ქმედებებს ვირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელება მოჰყვა. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიას ამერიკის შეერთებული შტატები დაასრულებს.

"ჩვენ წარმოებაში გავუშვებთ ვაქცინას და დავამარცხებთ ვირუსს, ამერიკა დაასრულებს პანდემიას. ჩვენ შევქმნით მსოფლიოში კეთილდღეობას და მშვიდობის ახალ ეპოქას. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ იმ ერს, რომელმაც ეს ჭირი მსოფლიოში გაავრცელა. ჩინეთში ვირუსის გავრცელების ადრეულ დღეებში, სპეციალური ზომები არ იქნა მიღებული. ჩაიკეტა შიდა ფრენები, თუმცა არ შეზღუდულა საერთაშორისო ფრენები, რამაც ვირუსი მსოფლიოში გაავრცელა. მათ ჩემი გადაწყვეტილება, როცა შევზღუდე ფრენები ჩინეთთან, გააკრიტიკეს მაშინ, როცა მათ თავად შეზღუდეს შიდა ფრენები და საკუთარი მოსახლეობა სახლში ჩაკეტეს.

ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელსაც პრაქტიკულად ჩინეთი აკონტროლებს, რამდენჯერმე იცრუეს. ერთი, ეს ვირუსის გავრცელებას შეეხებოდა, ისინი ამბობდნენ, რომ უსიმპტომო ადამიანებს ვირუსის გავრცელება არ შეეძლოთ და თავდაპირველად თქვეს ისიც, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადაიცემოდა. მე ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩინეთს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს იმისთვის, რაც მათ ჩაიდინეს,"- ამბობს ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ასევე ნახეთ: გაეროს საიუბილეო წელი და პანდემიის პირობებში დაწყებული ასამბლეა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეფექტურობის საკითხი.

"თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეფექტური ორგანიზაციაა, მან ყურადღება უნდა მიაქციოს მსოფლიოს რეალურ პრობლემებს. ეს მოიცავს ტერორიზმს, ქალთა ჩაგვრას, იძულებით შრომას, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს, რელიგიურ და ეთნიკურ დევნას. ამერიკა ყოველთვის იქნება ადამიანის უფლებების დაცვის ლიდერი. ჩემი ადმინისტრაცია ხელს უწყობს რელიგიურ თავისუფლებას, ქალებისთვის მეტ შესაძლებლობებს, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციას. ჩვენ ვებრძვით ტრეფიკინგს და ჯერ არ დაბადებულ ბავშვებზე ვზრუნავთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში თავისუფლების და უსაფთხოების საფუძველია,"- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა პანდემიის გამო ვირტუალურად მიმდინარეობს და პოლიტიკური გამოსვლები დღეს დაიწყო. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა მან გადაიფიქრა და კიდევ ერთი მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრა ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომებზე.