ინდიანის შტატის პატარა ქალაქის, საუთ ბენდის მერმა პიტ ბუტეჯეჯმა 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ კვირას ოფიციალურად გამოაცხადა. სულ რამდენიმე თვის წინ ამერიკისთვის სრულიად უცნობი დემოკრატი პოლიტიკოსის რეიტინგები დღითიდღე იზრდება. 37 წლის მერის კრიტიკოსები ძირითადად ქვეყნის მასშტაბით გამოცდილების არქონაზე საუბრობენ.
ბუტეჯეჯმა საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყებად, ორიოდ თვეში 7 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო. თუმცა, არჩევნებამდე, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად მას ბრძოლა სულ ცოტა, 18 კანდიდატთან მოუწევს, რომელთა შორის ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია. დემოკრატთა პირველი პრაიმერები ნიუ-ჰემპშირის შტატშია დანიშნული.
გამარჯვების შემთხვევაში ბუტეჯეჯი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება. ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტების დიპლომების მქონე პოლიტიკოსმა 7 უცხო ენა იცის. ის ავღანეთის ომის ვეტერანია, ამასთან - ღიად გეი დემოკრატი პრეტენდენტი. მისი მშობლები უნივერსიტეტის პროფესორები, მეუღლე კი სკოლის მასწავლებელია.
დღეს გამოქვეყნდა ემერსონის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები. მასში პიტ ბუტეჯეჯი 9 პროცენტით მესამე ადგილზე გავიდა. დემოკრატ კანდიდატებს 29 პროცენტით ბერნი სანდერსი ლიდერობს.
ემერსონის გამოკითხვაში მეორე ადგილზე ყოფილი ექსპრეზიდენტი ჯო ბაიდენია (24%), რომელსაც არჩევნებზე ჩართვის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მეოთხე და მეხუთე ადგილებს 8 პროცენტით ბეტო ო'რურკი და კამალა ჰარისი ინაწილებენ. მათ შემდეგ მოდიან: ელიზაბეტ უორენი (7%), ენდრიუ იანგი და ხულიან კასტრო (3%), კორი ბუკერი (2%).