იაპონია და სამხრეთ კორეა მიესალმა შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს კლასიფიკაციის ხელახალ მინიჭებას. აღნიშნული სვლა ფხენიანზე დამატებით ფინანსურ და დიპლომატიურ ზეწოლას ითვალისწინებს.
"ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო", განაცხადა ორშაბათს, თეთრ სახლში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას "მკვლელების რეჟიმი" უწოდა.
ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა ფორმალურად დღეს გამოაქვეყნა. ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში ჩრდილოეთ კორეის გარდა, არიან: ირანი, სირია და სუდანი.