შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურს-ცენტრის მონაცემების მიხედვით, ინფიცირების 2 000 464 დადასტურებული შემთხვევა და 112 924 გარდაცვლილი - ასეთია დაზუსტებული მონაცემები ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე.
შეერთებული შტატები ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს სარს-კოვ-2 ვირუსით ინფიცირების და ასევე - გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით. ორივე მონაცემი ჯერ კიდევ იზრდება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მთელ მსოფლიოში. 7 400 013 ინფიცირებულია მსოფლიოს მასშტაბით და 417 174 გარდაცვლილი.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ერთ დღეში კოვიდ-19-ზე ტესტი ნახევარ მილიონზე მეტმა ამერიკელმა, 545 000-მა ადამიანმა აიღო. ეს ჯერჯერობით, ერთი დღისთვის რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.
სააგენტო "როიტერის" ანალიზის მიხედვით, ამერიკის მასშტაბით ტესტებზე დადებითი პასუხის რაოდენობა შტატების მიხედვით დრამატულად განსხვავდება. ეროვნული მასშტაბით დადებითი პასუხი 4-7 პროცენტს შორის მერყეობს. თუმცა, გასულ კვირას ძალიან მაღალი იყო მაგალითად არიზონის შტატში - 12% და იუტაში - 9%.
ასევე ნახეთ: საპროტეტსტო დემონსტრაციების ფონზე, აშშ-ის ოფიციალური პირები მოსახლეობას კოვიდ-19-ის საფრთხეს ახსენებენზოგადად, სიტუაცია უმჯობესდება აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და პენსილვანიის შტატებში. ინფიცირების მაჩვენებლები ახლა უფრო სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შტატების მიმართულებით იზრდება.
სტაბილური კლების შემდეგ, ისევ დაიწყო ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა დასავლეთ სანაპიროზე, კალიფორნიის შტატში და სამხრეთში, ფლორიდის შტატში. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ხსოვნის დღეს დაწყებულ, შტატების ე.წ. გახსნას, კარანტინის შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. ამის მიუხედავად, შეზღუდვების მოხსნა ამერიკის მასშტაბით, ისევ გრძელდება.
ექსპერტები შიშობენ, რომ ინფიცირების მონაცემების ზრდაში, ბოლო ორი კვირის მანძილზე გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებიც დიდ როლს ითამაშებს. აქციების ვიდეოებზე კარგად ჩანს, რომ დემონსტრაციებზე ერთმანეთის მხარდამხარ მომავალ ადამიანებს ზოგჯერ ნიღბებიც არ უკეთიათ.
Your browser doesn’t support HTML5
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის ახალი ეპიცენტრი ახლა სამხრეთ ამერიკის ქვეყნები იქნება. მხოლოდ ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 772 410-ზე მეტია, 39 680 კი გარდაიცვალა. მთლიანად, ლათინური ამერიკის რეგიონში მილიონზე მეტი ინფიცირებული და 70 000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება.