შუალედური არჩევნების ბედი შეიძლება ქალებმა გადაწყვიტონ

შუალედური არჩევნები, როგორც წესი, ამომრჩევლის აქტიურობით არ გამოირჩევა. თუმცა წელს ამერიკელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ „მოტივირებულია“, არჩევნებზე წავიდეს. ანალიტიკოსების აზრით, კამპანიები პრეზიდენტ ტრამპის ირგვლი ტრიალებს. ამერიკელებიც ხმას რეალურად მის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ მისცემენ. ზოგიერთი შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის ბედი ამჯერად შესაძლოა ქალმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს.

ჯილ სტეინი, "მწვანეთა პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი 2016 წელს

ლინ ფედელს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არც დონალდ ტრამპისთვის მიუცია და არც ჰილარი კლინტონისთვის. მხარი მწვანე პარტიის კანდიდატს დაუჭირა. ამბობს, რომ სურდა, მას 5 %-იანი ბარიერი გადაელახა და შესაბამისი დაფინანსებაც მიეღო. თუმცა მისმა კანდიდატმა მთელ ამერიკაში 1 %-ზე ოდნავ მეტი მხარდაჭერა მიიღო. ახლა ფედელი ფიქრობს, რომ აუცილებელია რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი დაკარგონ.

ამერიკის შუალედური კონგრესის არჩევნები, რომელიც საპრეზიდენტო ვადის შუაში ტარდება, ერთგვარი რეფერენდუმია იმის შესახებ ტუ როგორ ართმევს საქმეს თავს მოქმედი პრეზიდენტი. თუკი ამომრჩევლები ტრამპის წინააღმდეგ არიან განწყობილნი, მათ შეუძლიათ კონგრესის უმრავლესობა შეცვალონ. დემოკრატებს პალატაში 23 ადგილი სჭირდებათ იმისთვის, რომ კონტროლი დიაბრუნონ, და მხოლოდ 2 ადგილი სენატში იმისთვის, რომ უმრავლესობა მოიპოვონ.

ბევრი ანალიტიკოს თანხმდება იმაზე, რომ წელს არჩევნების ბედი, შესაძლოა სწორედ ფედელის მსგავსმა ქალებმა გადაწყვიტონ. თეთრკანიანი, განათლებული და დიდი ქალაქების გარეუბნებში მცოხვრები ქალები - მათ ხმებს შეუძლია განსხვავების მოტანა.

თავად ფედელის პრიორიტეტების სიაშიც კანდიდატის განათლებაა მნიშვნელოვანი. თავად მაგისტრის ხარისხი აქვს და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თითქმის 30 წელია ინგლისურს ასწავლის. მისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია ასევე საცხოვრისზე თანაბარი უფლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და ოჯახის დაგეგმვის თემები.

გამოცემა „პოლიტიკოს“ გამოკითხვის თანახმად, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა, გამოკითხული ქალების 64 % „ძალიან მოტივირებულია“, რომ შუალედურ არჩევნებზე ხმა მისცეს. დემოკრატ ქალებს შორის ეს ციფრი 71 %-საც კი აღწევს.

ქალების პროტესტი, ლოს-ანჯელესი, 2017 წლის ნოემბერი

ფედელს სჯერა, რომ ბრეტ კავანას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ქალს უბიძგებს, რომ დემოკრატ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. „ის, თუ როგორ დასცინეს პრეზიდენტმა ტრამპმა და რესპუბლიკელებმა“ კრისტინ ბლასი ფორდს, ქალს, რომელმაც კავანა სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა, ფედელის აზრით, უამრავი ქალისთვის იყო შეურაცხმყოფელი.

თუმცა მეორე მხრივ, სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მკკონელი და სხვა რესპუბლიკელი ლიდერები ამბობენ, რომ კავანას ირგვლივ შექმნილი აურზაური მხოლოდ „დაბოღმილი“ დემოკრატების ხრიკები იყო და უბრალოდ პრეზიდენტის კანდიდატის ჩაგდება სურდათ. რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კავანას შესახებ გადაწყვეტილება მათ მხარდამჭერებს სხვა, ასეთივე კონსერვატორი კანდიდატების არჩევისკენ უბიძგებს.

„პიუს“ კვლევების თანახმად, ამერიკაში ქალების ხმების უმრავლესობას 1992 წლიდან მოყოლებული დემოკრატები იღებენ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონმა არჩევნებზე მისული ქალი ამომრჩევლების 54 %-ის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა მან წააგო თეთრკანიან ქალთა ხმებისთვის ბრძოლა - მათმა 52%-მა დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. თუმცა, ვარაუდობდნენ, რომ უმაღლესი განათლების მქონე, თეთრკანიან ქალთა ხმების უმრავლესობას სწორედ კლინტონი მიიღებდა. წელს, შუალედურ არჩევნებში ქალები განსაკუთრებით მობილიზებულნი არიან და „ვაშინგტონ პოსტისა და სქარის“ გამოკითხვების თანახმად, ძირითადად სწორედ დემოკრატ კანდიდატებს უჭერენ მხარს.

ქრის ელიოტი ტრამპის მხარდამჭერი იყო, ხმაც მას მისცა. ის ირლანდიელი ემიგრანტების შვილია და ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს. მისთვის მთავარი პრიორიტეტი დასაქმება და განათლებაა. ამბობს, რომ ტრამპი ქალებს არ მოსწონთ, რადგან ის მჩაგვრელივით იქცევა და უფრო და უფრო მეტ ამომრჩეველ ქალს კარგავს. ტრამპისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ რესპუბლიკელთა ერთგულ ამომრჩევლად დარჩება. მოსწონს, ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა და ამ მიდგომის შენარჩუნება სურს.

ნიუ-ჯერსის მანტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სამართლის პროფესორი ბრიჯიდ კალაჰენ ჰარისონი ამბობს, რომ ასეთი სინანული ხშირია და სწორედ ელიოტის მსგავსმა, თეთრკანიანმა რესპუბლიკელმა ქალებმა შესაძლოა ბევრი კანდიდატის ბედი გადაწყვიტონ.