დღეს სენატის კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანას და იმ ორ ქალს მოუსმენენ, რომლებიც კავანას თინეიჯერობის პერიოდში მათ მიმართ სექსუალური ხასიათის უხამს ქცევაში ადანაშაულებენ.
კრისტინ ბლესი ფორდის მიერ სენატში წარმოსათქმელი სიტყვის ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა. ამ წერილის თანახმად, ფორდი აპირებს სენატის წევრებს მოუყვეს 1982 წელს, სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლის პერიოდში მომხდარი ინციდენტის შესახებ. ფორდი ამბობს, რომ ნასვამმა კავანამ და მისმა მეგობარმა მარკ ჯაჯმა ის ოთახში ჩაკეტეს და სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კრისტინ ფორდი ამბობს, რომ სირცხვილისა და შიშის გამო ამის შესახებ არავისთან უსაუბრია მანამ, სანამ ამაში საკუთარ მეუღლეს ფსქიოლოგთან თერაპიის სესიის დროს არ გამოუტყდა.
ბრეტ კავანამ, რომელიც ცალკე წარდგება სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე, თავადაც გამოაქვეყნა განცხადების ნაწილი, სადაც ის მტკიცედ უარყოფს ფორდის და სხვათა ბრალდებებს და ამბობს, რომ ამგვარ გამოგონილ ამბებს შეუძლია კარგი და კომპეტენტური ადამიანების დისკრედიტება მაშინაც კი, როდესაც ამ ადამიანებს მხოლოდ ქვეყნის სამსახურის სურვილი ამოძრავებთ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
6 ნოემბერს შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ კონგრესზე კონტროლს დაიბრუნებენ. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დასახელებულმა ბრეტ კავანამ კი დამტკიცების შემთხვევაში მოსამართლე ენტონი კენედი უნდა ჩაანაცვლოს. ეს უკანასკნელი ხშირად იყო "გადამწყვეტი ხმა" უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ის ხშირად იჭერდა ლიბერალურ პოზიციას არაერთ უმნისვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით. კავანას დამტკიცებით კი შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შემადგენლობის კოლეგია შეიქმნას.
ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს დემოკრატების მიერ კავანას რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად შელახვის მცდელობაა.
კავანას წინააღმდეგ სულ ხუთმა ქალმა აიმაღლა ხმა. მოსამართლეობის კანდიდატი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ოთხშაბათ საღამოს NBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოლორადოელ რესპუბლიკელ სენატორს, კორი გარდნერს კიდევ ერთი საჩივრის წერილი გაეგზავნა. წერილის ავტორი ყვება, რომ 1998 წელს ის თავის ქალიშვილთან და რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მთვრალმა კავანამ ის კედელთან მიიმწყვდია, როგორც ის ამბობს "აგრესიულად და სექსუალურად".
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კავანას სენატის იურიდიული კომიტეტის წევრებმა ტელეფონითაც დაუსვეს შეკითხვები იმ ბრალდების შესახებ, რომელსაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ქალი აყენებს, ამჯერად როდ აილენდიდან და 1985 წელს მომხდარ ძალადობაზე საუბრობს. ასევე მედიაში გავრცელებული ცნობებით, როდ აილენდის დემოკრატი სენატორის შელდონ უაითჰაუზის ოფისში სამშაბათ დილით ქალმა დარეკა, რომელიც 1985 წელს ნავზე მომხდარ გაუპატიურებაზე საუბრობს. კავანა ყველა ბრალდებას უარყოფს.
პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა მან აზრიც კი შეიცვალოს კავანას შესახებ, თუკი ხუთშაბათს, სენატის კომისიის მიერ კრისტინ ფორდის დაკითხვისას მნიშვნელოვან ფაქტებს შეიტყობს. მას ჰკითხეს, რამდენად მოქმედებს მის შეხედულებებზე ის, რომ თავად მის წინააღმდეგაც არაერთი ქალი საუბრობს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან იცის, როგორია, როდესაც უსაფუძვლოდ გადანაშაულებენ და მოუწოდა ყველას, რომ ახსოვდეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია კავანაზე საუბრისას.
თუმცა კავანას კანდიდატურის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ვაშინგტონში უკვე გაიმართა. ისინი მოუწოდებენ კანონმდებლებს, არ დაამტკიცონ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი მოწონააღმდეგეების კამპანიის დაფინანსებით იმუქრებიან.
Facebook Forum