ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანკა ტრამპი მოდიდან სრულად პოლიტიკაზე გადაერთვება


ამერიკის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მოდის ხაზს ხურავს. მისი წარმომადგენლის თქმით, ივანკა ამას იმისთვის აკეთებს, რომ მთელი ენერგია მისი, როგორც პრეზიდენტის მრჩევლის საქმიანობისკენ მიმართოს.

დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას შთამბეჭდავი და დიდი "ბიზნეს პორტფოლიო" ჰქონდა. ტრამპების ცნობილ გვარს არაერთი ბიზნეს საქმიანობა უკავშირდება.

პრეზიდენტი ხშირად სტუმრობდა ტრამპის ბრენდთან დაკავშირებულ დაწესებულებებს გაპრეზიდენტების შემდეგაც. ამის გამო მან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. მისი მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის პოსტს დონალდ ტრამპი საკუთარი, კერძო ბიზნესის რეკლამირებისთვის იყენებდა.

ტრამპის წინააღმდეგობრივი სტილი საარჩევნო კამპანიისას და უკვე პრეზიდენტობისასაც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რის გამოც ოჯახის ბრენდები პოლიტიკურ ბრძოლებში ჩაეფლო: თუკი პრეზიდენტის მხარდამჭერების ღონისძიებებს მისი სასტუმროები მასპინძლობდა, ამავე დროს, მისი ოპონენტები მთელ ქსელს ბოიკოტს უცხადებდნენ და სხვებსაც იმავესკენ მოუწოდებდნენ.

ტრამპის ქსელის ერთ-ერთი სასტუმრო ვაშინგტონში, 2016 წ.
ტრამპის ქსელის ერთ-ერთი სასტუმრო ვაშინგტონში, 2016 წ.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ივანკა თავისი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ჩამოშორდა. თუმცა კრიტიკა არ შენელებულა.

​2017 წლის დასაწყისში ისეთმა დიდმა ქსელებმა როგორიცაა - "ნორდსტრომი", "სიარსი", "ქეიმარტი" და სხვები, მკვეთრად შეამცირეს ტრამპის ბრენდების პროდუქციის გაყიდვა. თუმცა ეს ხმამაღალი პოლიტიკური გზავნილების გარეშე, გააკეთეს, და ეს გაყიდვების სიმცირეს დაუკავშირეს.

ტრამპ-სოჰო - სასტუმრო ნიუ-იორკში
ტრამპ-სოჰო - სასტუმრო ნიუ-იორკში

პრესისთვის მიწოდებულ განცხადებაში ივანკა ტრამპის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ივანკამ "რთული გადაწყვეტილება" მიიღო და ვაშინგტონში საქმიანობის 17 თვის შემდეგ არ იცის როდის ან საერთოდ დაუბრუნდება თუ არა ის ბიზნესს. ამიტომ, მისი თქმით, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება მისი კომპანიის პარტნიორებისა და თანამშრომლების მიმართ, კომპანიის დახურვა იქნება. ივანკა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მისი ყურადღება მთლიანად იმ საქმეზე იქნება კონცენტრირებული, რასაც ვაშინგტონში აკეთებს.

კომპანიის განცხადებით, მათ მფლობელობაში არსებული ლიცენზიები ამოწურვამდე იფუნქციონირებს, თუმცა ისინი აღარ განახლდება, უკვე წარმოებული პროდუქცია კვლავ გაიყიდება, თუმცა მომავალი გაზაფხულისთვის ახლები აღარ შეიქმნება.

ივანკა ტრამპი იერუსალიმში ვიზიტისას, 22 მაისი, 2017.
ივანკა ტრამპი იერუსალიმში ვიზიტისას, 22 მაისი, 2017.

​ივანკა ტრამპის მოდის ხაზი 2011 წელს დაარსდა. ქალის სამოსის მწარმოებელი კომპანია ძირითადად საქამიანი, წარმატებული ქალების იმიჯს იყო მორგებული და შესაბამის ტანსაცმელს სთავაზობდა მომხმარებელს. როგორც ამერიკული პრესის ნაწილი წერს მისი დახასიათებისას - "ბრენდი თავად ივანკა იყო".

ივანკა ტრამპის ბრენდის ფეხსაცმელი, მაღაზიის ვიტრინა ნიუ-იორკში, 23 აგვისტო, 2012.
ივანკა ტრამპის ბრენდის ფეხსაცმელი, მაღაზიის ვიტრინა ნიუ-იორკში, 23 აგვისტო, 2012.

​თუმცა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ყველას მოუწოდებს, პროდუქციის წარმოება შეერთებული შტატებიდან სხვა ქვეყნებში "არ გაიტანონ", მისი მრჩევლისა და ქალიშვილის კომპანია ტანსაცმელს ამერიკის კონტინენტზე არ აწარმოებდა. 2017 წელს ივანკამ წიგნი დაწერა, სადაც ქალებს რჩევებს აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი ინტერესები სამუშაო ადგილას. თუმცა ბევრი კრიტიკა ისმოდა თავად ივანკას სახელთან დაკავშირებულ კომპანიებზე, რომ ქალები სულაც ვერ იღებდნენ იქ იმას, რასაც ავტორ ივანკა ტრამპის თქმით, "ისინი იმსახურებდნენ". ივანკას ბრენდის პროდუქციის ნაწილი ჩინეთში იქმნებოდა. ტრამპის ადმინისტრაციას კი ჩინეთთან ტარიფებთან და პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით რთული და მწვავე დაპირისპირება აქვს. თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთში დამზადებულ და ამერიკაში იმპორტირებულ ტანსაცმელზე, სექტემბრიდან ახალი ტარიფები ამოქმედდება.

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის საზეიმო მიღება, 2017 წ.
ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის საზეიმო მიღება, 2017 წ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG