შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა რუსეთს ბრალი მაკედონიის რეფერენდუმზე ჩარევის მცდელობაში დასდო. სექტემბრის ბოლოს, მაკედონიელები არაპირდაპირ აძლევენ ხმას ნატოში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
მაკედონიის დედაქალაქში გამგზავრების წინ, მატისმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა. ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, მას "ეჭვი არ ეპარება" იმაში, რომ რეფერენდუმის წინ, მოსკოვი იმ პრორუსულ ჯგუფებს აფინანსებს, რომლებიც მაკედონიის სახელის შეცვლას ეწინააღმდეგებიან. ეს საკითხი მაკედონიის ნატოში გაერთიანების ბოლო წინაღობად ითვლება.
მაკედონიაში რეფერენდუმი 30 სექტემბერს გაიმართება. მასზე მაკედონიელები გადაწყვეტენ, ეთანხმებიან თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის სახელის შეცვლის თაობაზე.
მატისი პირველი არ არის, ვინც რუსეთს მსგავს ბრალს სდებს. ანალოგიური ბრალდებით დასავლეთის არაერთი ლიდერი გამოვიდა, მათ შორის - ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი და იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი.
ივლისში საბერძნეთის მთავრობამ, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მათ ბრალი მაკედონიისთვის სახელის შეცვლის მოწინააღმდეგეთა დაფინანსებაში ედებათ.