მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, საერთაშორისო ყურადღება ორი მნიშვნელოვანი სამიტის მიმართ არის მიპყრობილი.
ბრიუსელში ნატოს სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრება. ნატოს სამიტის შემდეგ, 16 ივნისს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჰელსინკიში შეხვდება.
პრეზიდენტი ტრამპი ბრიუსელის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს ხვდება. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა უკმაყოფილება იმით, რომ ევროპელი მოკავშირეები თავდაცვაზე არასაკმარის ხარჯებს გამოყოფენ. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ევროპის ლიდერებს სურთ ამერიკა მათ რუსეთისგან იცავდეს, ისინი რუსეთისგან ენერგო-რესურსებს ყიდულობენ. ტრამპის განცხადება გერმანიას და „ნორდ სტრიმ 2“-ის მილსადენის პროექტს ეხებოდა.
„მილიონობით და მილიონობით დოლარს უხდით ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ უნდა დაგიცვათ“, განაცხადა ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან შეხვედრისას. მისი თქმით, “ნატომ ამ საკითხს უნდა გადახედოს”.
ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისგან ითხოვს გაზარდონ სამხედრო ხარჯების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამ დროისთვის, თავდაცვაზე ნატოს სტანდარტს - მშპ-ის 2 პროცენტს - მხოლოდ შეერთებული შტატები, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი და პოლონეთი აკმაყოფილებენ.
დანიელ ფრიდი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 40 წლის მანძილზე მსახურობდა, ამბობს, რომ ტრამპის აფგუმენტი გამართლებულია, თუმცა მისი პოზიცია ნატოს გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა დასუსტებას.
„პრეზიდენტი მართალია, როდესაც ნატოს მოკავშირეების სამხედრო ხარჯებზე საუბრობს. მათ თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯონ, განსაკუთრებით გერმანიამ. კითხვა იმაშია, თუ რატომ ითხოვს ტრამპი მოკავშირეებისგან სამხედრო ხარჯების გაზრდას - ნატოს გაძლიერების თუ მისი დასუსტების მიზნით”, თქვა მან.
ფრიდმა ასევე დასძინა, რომ “ამ კითხვას არ უნდა ვსვამდეთ, როდესაც საქმე ამერიკის პრეზიდენტს ეხება. ნატო ამერიკის იდეა იყო და ის ჩვენს ინტერესებს ემსახურება”.
ნატოს ღია კარი
ბრიუსელის სამიტზე, ნატომ გაწევრიენაბის მოლაპარაკების დასაწყებად მაკედონია მიიწვია. ამას წინ უძღვოდა სკოპიასა და ათენს შორის მაკედონიის, როგორც ქვეყნის, სახელწოდებაზე შეთანხმების მიღწევა. საბერძნეთი და მაკედონია სახელთან დაკავშირებით წლების მანძლზე ვერ თანხმდებოდნენ, რაც მაკედონიის ნატოში გაწევრანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო.
ალიანსის მოკავშირეები ხვალ უმაღლეს დონეზე საქართველოს და უკრაინას შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ ისინი ორი ქვეყნის ლიდერებთან ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მკლევარი ჯეიმს გოლდგაირი ამბობს, რომ ორი ქვეყნისთვის ერთადერთი იმედი, ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის დადასტურებაა.
“ვფიქრობ ნატოში გაწევრიანება არაა გეგმა საქართველოსთვის და უკრაინისათვის ახლო მომავალში. წევრობა ამ ქვეყნებისათვის შორი პერსპექტივაა, თუ კი ეს ოდესმე მოხდება. რუსეთმა ორივე ქვეყანაში სპეციალურად შექმნა ტერიტორიული კრიზისი და საფრთხეები. ეს პუტინის მიერ იქნა ორკესტრირებული პირველად 2008 წელს საქართველოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, რათა გაევლო საკუთარი წითელი ხაზები პოსტ-საბჭოთა სივრცეში ქვეყნების დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით”, თქვა გოლდგაიერმა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიწვეულმა მკვლევარმა. “საქართველოს და უკრაინის იმედი ნატოს უწყვეტი ერთგულებაა ალიანსის მეათე მუხლისადმი. ის ამბობს, რომ კარი ღიაა იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ალიანსის კრიტერიუმებს და გაწევრინებით შეუძლიათ ალიანსის უსაფრთხოების გაზრდა”, თქვა მან.
ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი გავიდა. მაშინ საქართველომ მიიღო დაპირება, რომ გახდებოდა ალიანსის წევრი, თუმცა ვერ მიიღო წევრობის სამოქმედო გეგმა. საქართველო, საერთაშორისო პარნიორების შეფასებით, ნატოს მოთხოვნებს წარმატებით ასრულებს, თუმცა ალიანსის წევრები, სავარაუდოდ, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ყოყმანობენ საქართველო გადაწვეტ ეტაპზე გადაწვანას.
ჰელსინკის სამიტი
ნატოს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი ჰელსინკიში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები სავარაუდოდ იარაღის კონტროლზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრებენ. ამერიკელი დამკვირვებლები შიშობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა პუტინთან დათმობებზე წავიდეს.
“რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში ცუდი არაფერი არაა. ობამა შეეცადა, შეეცადა ბუშიც. ამერიკის პრეზიდენტები ხშირად ცდილობენ ამას. თუმცა ორივეს, ბუშისა და ობამას შემთხვევაში, ეს არ გამოვიდა. მათ მოახერხეს გარკვეული შედეგის მიღწევა. როდესაც მიხვდნენ, რომ პუტინი არ იყო ის ვინ მათ ეგონათ და როდესაც რუსულ აგრესიასთან მოუწიათ გამკლავება, ორივე მათგანი წინ აღუდგა [პუტინს]. ბუშმა ნატოს გაფართოებას მხარი დაუჭირა, ბალტიისპირეთი ქვეყნები ნატოში მიიღეს, და მადლობა ღმერთს რომ მან ეს გააკეთა. ობამა კი დასავლეთს ედგა სათავაში უკრაინაში რუსეთის აგრესიას საწინააღმდეგოდ”, ამბობს დენ ფრიდი.
ტრამპის წინამორბედები, პრეზიდენტები ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა რუსეთთან ურთიერთობების დათბობას ეცადნენ. თუმცა ორივე შემთხვევაში ეს წარუმატებლად დასრულდა. ბუშის პრეზიდენტობის დასასრულს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ხოლო ობამას პრეზიდენტობის ბოლოს კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს დაწყებას ხელი შეუწყო.
“თუ ტრამპი შეეცდება ვლადიმირ პუტინის მეგობრობის მოსყიდვას მისთვის იმის მიცემით, რასაც არ იმსახურებს, ეს არასწორია და ამერიკის ინტერესში არ შედის”, ამბობს ფრიდი.
პრეზიდენტ ტრამპის საერთაშორისო შეხვედრებით დატვირთულმა კვირამ სტარტი დღეს აიღო. საერთაშორისო ტურნეს პარალელურად, ვაშინგტონში, კონგრესში დღეს ნატოს მხარდამჭერი რეზოლუცია ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა.
ნატოს სამიტის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ტრამპი პუტინთან დათმობებზე არ წავა.
Facebook Forum