„საქართველო გმობს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე ბოლოდროინდელ ძალადობრივ, პროვოკაციულ თავდასხმას. აშშ-ს თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს. ახლა დიპლომატიის დროა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა“ - ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკას, ირანსა და ერაყს შორის დაძაბულობის უკიდურეს ზრდას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააფრთხილა ერაყსა და ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებთან დაკავშირებით.
ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის რეჟიმებმა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკა „სახელმწიფო ტერორიზმს“ შეადარეს. „აშშ-ს ძალისმიერი აქცია არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა“- ნათქვამია ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია რომ „ტერორიზმი საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია“.
„სახელმწიფო ტერორიზმის უპრეცედენტო ნიმუში“ უწოდა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას - სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმაც. მანამდე აშშ „საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და სახელმწიფო ტერორიზმში“ ბუნებრივია რუსეთმაც დაადანაშაულა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ არცერთი მხარე ამ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას არ ითხოვს, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა.
ერთის მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ საქართველოს მთავარი და სტრატეგიული მოკავშირეა და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი ჩვენი მეზობელია, არცერთი მხარე ამ კონფლიქტში ჩვენს ჩართვას არ ითხოვს"ვასილ კაჭარავა, პროფესორი, თსუ-ს ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი
„ერთის მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ საქართველოს მთავარი და სტრატეგიული მოკავშირეა, ეს არ უნდა დავივიწყოთ და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ირანი ჩვენი მეზობელია, არცერთი მხარე ამ კონფლიქტში ჩვენს ჩართვას არ ითხოვს. მე პირადად ამერიკასა და ირანს შორის ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას არ ველი, დიდი ალბათობით, გაგრძელდება წერტილოვანი დარტყმები. ირანი შურისძიებით იმუქრება და თუ თეირანის მხრიდან ასეთი ნაბიჯები გადაიდგა, ამაზე ამერიკას პასუხი ბუნებრივია ექნება. ამ მხრივ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.“ - მიაჩნია ვასილ კაჭარავას.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების მორიგი, უკიდურესი ესკალაცია გასული წლის 27 დეკემბერს დაიწყო. მაშინ ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ კირკურთან ახლოს, აშშ-ს სამხედრო ბაზას 30-მდე რაკეტა ესროლეს, შედეგად, ბაზაზე, კონტრაქტით მყოფი ერთი ამერიკელი დაიღუპა, რამდენიმე ჯარისკაცი კი დაიჭრა.
შეერთებულმა შტატებმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი, „ქათა'იბ ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფება დაადანაშაულა და ერაყის ანბარის პროვინციაში, 29 დეკემბრებს, ამ დაჯგუფების ხუთი სამხედრო ბაზა დაბომბა და სულ მცირე 25 ტერორისტი მოკლა.
31 დეკემბერს, პროირანულმა ძალებმა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ს საელჩოზე მიიტანეს იერიში. მათ საელჩოს დაცვის ერთ-ერთ კოშკი გადაწვეს, მცირე ხნით კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს, სადაც დატოვეს დაწერა "სოლეიმანი ჩვენი მეთაურია". ამერიკელმა სამხედროებმა აგრესიული ბრბოს დაშლა ცრემლსადენი გაზით შეძლეს.
საქართველო გმობს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე ბოლო დროინდელ ძალადობრივ, პროვოკაციულ თავდასხმას. აშშ-ს თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს. ახლა დიპლომატიის დროა"დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საპასუხოდ, 2020 წლის 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს, სარაკეტო დარტყმით ათამდე პირი მოკლეს, ვინ აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა დაგეგმა, მათ შორის, ირანის ყველაზე გავლენიანი გენერალი, "ელიტარული" „ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სოლეიმანი.
სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის "ჩრდილოვანი ომის" მთავარი სტრატეგი და არქიტექტორი იყო, რომელიც უზენაესი ლიდერის აიათოლა ალ-'უზმა ჰაჯი სეიდი ალი ჰუსაინი ხამენეის უშუალო მხარდაჭერით მოქმედებდა.
ბაღდადში დღეს ანტიამერიკული დემონსტრაციების ფონზე, პროირანული დაჯგუფების ლიდერის ალი მაჰდი ალ-მუჰანდისთან ერთად კიდევ რვა მოკლული დაკრძალეს. გენერალ ყასემ სოლეიმანის ცხედარს კი 7 იანვარს მშობლიურ ირანში მიაბარებენ მიწას.
მეორე დღეა თეირანი აშშ-ს „სასტიკი შურისძიებით“ ემუქრება. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გამო, ამ დრომდე არ მუშაობს, ერაყში აშშ-ს საელჩო, თუმცა აშშ-ს დიპლომატიური მისიები რეგიონში მუშაობას აგრძელებენ, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოში. აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო.
განახლება: ბოლო ინფორმაციით, 4 იანვარს, საღამოს, ერაყის დედაქალაქში აშშ-ს საელჩოს სიახლოვეს, ე.წ "მწვანე ზონაში", რომელსაც ამერიკელები იცავენ ორი რაკეტა ჩამოვარდა. კიდევ ერთი რაკეტა ესროლეს ბალადის ავიაბაზას, ბაღდადიდან 80 კმ-ს მოშორებით, სადაც ასევე ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მოწმდება.