შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს უკრაინის დასახმარებლად 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დახმარება დაამტკიცა. კონგრესი ცდილობს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, კიევისთვის იარაღის შეუფერხებლად მიწოდების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების უზრუნველყოფა მოხდეს. კანონმდებლები ასევე საჭიროდ თვლიან ჰუმანიტარული მისიების გაძლიერებას უკრაინაში.
კანონპროექტს პალატის 368 წევრმა მისცა ხმა. მის წინააღმდეგ 57 კანონმდებელი წავიდა, რომლებიც გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.
დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კონგრესში წარმოდგენილი ინიციატივა $33 მილიარდს ითვალისწინებდა, მაგრამ ამერიკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უნდა გაეზარდათ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა. ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ კანონპროექტი, ვიდრე მიმდინარე თვეში უკრაინის დახმარება ამოიწურება.
ასევე ნახეთ: ამერიკა უკრაინას დამატებით 33 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს"ეს კანონი დაიცავს დემოკრატიას, შეზღუდავს რუსეთის აგრესიას და გააძლიერებს საკუთრივ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, მაშინ როცა ის უპირველეს ყოვლისა, უკრაინას დაეხმარება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა როზა დელაურომ, რომელიც პალატაში საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა. მან კანონმდებლებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სამშაბათს, კანონპროექტის დამტკიცებამდე, კონგრესის წევრებს დახმარების თხოვნით მიმართა უკრაინის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში - ოქსანა მარკაროვამ. ამის შემდეგ კი კოლეგებს დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა სთხოვა, რომ როგორმე დააჩქარონ მისი დამტკიცება: "ეს გულიდან წამოსული, იოლად გასაგები გზავნილი იყო. მათ ხალხი ეხოცებათ, მარაგი და ამუნიცია უთავდებათ. ჩვენი დახმარება მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ. დიდი მადლობა მთელი ამ დახმარებისთვის. თუ შეიძლება, დააჩქარეთ ის".
რესპუბლიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბევრი კანონმდებელი ფიქრობს, რომ დახმარების პაკეტი სენატშიც წარმატებით გავა. "ვფიქრობ, ის დამტკიცდება. რესპუბლიკელთა მხარდაჭერა საგულისხმო იქნება" - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და სენატში უკრაინის მხარდამჭერთა ჯგუფის ლიდერია.
ასევე ნახეთ: ლენდ-ლიზის აქტი 81 წლის წინ და ახლადახმარების პაკეტი მოიცავს: $6 მილიარდს - უსაფრთხოებისთვის, სადაც შედის წვრთნა, მოწყობილობები, შეიარაღება და მხარდაჭერა; $8.7 მილიარდს - უკრაინაში გაგზავნილი იარაღის მარაგის შესავსებად; $3.9 მილიარდს - ევროპაში მართვის ცენტრის ოპერაციებისთვის და ა.შ.
ჰუმანიტარული დახმარებისთვის პაკეტში განსაზღვრულია $9 მილიარდი უშუალოდ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად და $5 მილიარდი უკრაინაში ომის გამო შექმნილი გლობალური სურსათის დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ასობით მილიონია გამოყოფილი ლტოლვილების დახმარებისთვის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევის მცდელობის მიმართულებით.
რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინტენსიური დაბომბვების შედეგად, უკრაინის ქალაქები - ნანგრევებად, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა. უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობის ფონზე, კრემლს დედაქალაქ კიევიდან უკანდახევა მოუწია, თუმცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე სამხედრო წარმატებას უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში მაინც მიაღწიეს.