„ვიმედოვნებ, ახლა, როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებასთან საჯაროდ ასოცირდება, იპოვის მეტ ინტერესს ღია, ნაკლებად ავტორიტარული პოლიტიკისადმი. მეტ დაინტერესებას იმაში, რომ საქართველო კვლავ იქცეს პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ძლიერ მაგალითად“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი.
რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკაში? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის საჯარო პოლიტიკურ საქმიანობას, საქართველოში წარმოებულ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეიძლება თუ არა, მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანი, შესაძლო დასავლური სანქციებისგან თავის დაცვა იყოს, როგორც ამას მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებში განიხილავენ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ვაშინგტონის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები და შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატები, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობენ, რომ სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი, ქართული პოლიტიკიდან არასდროს, არსად წასულა.
მისია - „ქართული ოცნების“ გადარჩენა?
ანალიტიკოსთა ნაწილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის შესაძლო კლებას უკავშირებს.
თვალსაჩინო პოლიტიკურ როლში მისი დაბრუნება, შესაძლოა აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა.კურტ ვოლკერი
ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის და უკრაინის საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის თქმით, ყოველთვის ცხადი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში როლს კულისებიდან თამაშობდა. ამის სცენის მიღმა კეთებას კი, რაიმე სახის ფორმალური როლის შესრულება სჯობს, - „გამჭვირვალობა ყველასთვის უკეთესია“, ამბობს ვოლკერი. გამოცდილ ამერიკელ დიპლომატს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, „შესაძლოა, აჩვენებდეს მის შეშფოთებას, რომ „ქართული ოცნება“ იმდენად კარგად არ მუშაობდა, როგორც მას სურდა“.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მთავარ მოტივად განიხილავს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი.
„ვფიქრობ, დასავლეთში არის ზოგადი განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო პირდაპირ, აშკარად და თვალსაჩინოდ იმისთვის დაბრუნდა, რომ მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომლის მიმართაც საზოგადოების მხარდაჭერა შესუსტებულად აღიქმება. ბატონ ივანიშვილს, ალბათ, აღელვებს ფიქრი იმაზე, რომ თუ თავად არ შეასრულებს უფრო მნიშვნელოვან როლს, „ქართული ოცნების“ პოზიციები შესაძლოა ჩამოიშალოს“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი.
თავად ბიძინა ივანიშვილმა, 30 დეკემბერს გამართულ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი არა არჩევნებში პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფა, არამედ „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებისგან დაცვაა“.
ივანიშვილს, ალბათ, აღელვებს ფიქრი იმაზე, რომ თუ თავად არ შეასრულებს უფრო მნიშვნელოვან როლს, „ქართული ოცნების“ პოზიციები შესაძლოა ჩამოიშალოს.უილიამ კორტნი
„ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს“, - თქვა ივანიშვილმა.
შესაძლო სანქციების ფაქტორი
ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში, ძირითადად, არ იზიარებენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკას მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ერთგვარი პრევენციის მიზნით დაუბრუნდა. „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ლუკ კოფი გვეუბნება, რომ მაშინაც კი, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაიმე სახის სანქციების დაწესება რეალური შესაძლებლობა იქნებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფორმალური თანამდებობა მას ამისგან დაიცავდა.
„ვიცი, რომ ბევრი საუბარია ბატონი ივანიშვილისა და შესაძლოა, მისი გარემოცვის წინააღმდეგ, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სანქციების თაობაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რასაც ვაშინგტონში ვისმენ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მხოლოდ საუბრებია. ამ თვალსაზრისით, რაიმე მოქმედებებს ვერ ვხედავ. იურისტი არ ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელობა აქვს იმას, ექნება თუ არა ბატონი ივანიშვილის მსგავს ხალხს ოფიციალური როლი. არ ვფიქრობ, რომ ეს ფორმალური როლი, დასავლური სანქციებისგან მას დაიცავს. თუმცა, კიდევ ერთხელ, უახლოეს მომავალში, მის მიმართ დასავლეთის სანქციების გამოყენების შესაძლებლობას ვერ ვხედავ“, - ამბობს კოფი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით თავად ბიძინა ივანიშვილს „ერთგვარი გაუგებრობა“ აქვს, რომ თითქოს ის უკვე ექვემდებარება გარკვეულ სანქციებს.
Your browser doesn’t support HTML5
„სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით შვეიცარიულ ბანკთან, რამაც შეაფერხა ფულზე წვდომა, მაგრამ როგორც მე მესმის, ეს უკავშირდებოდა არა მის პერსონას, არამედ - მასთან ასოცირებულ სხვა პირებს, რომლებიც სანქცირებული არიან. ბანკებმა კი უკიდურესად ფრთხილად იმოქმედეს. მან, ამ პრობლემის გადასაჭრელად დიდი სასამართლო საქმეც მოიგო. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი [პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზების] ნაწილია. ვფიქრობ, ის ცდილობს „ქართული ოცნების“ განგრძობითი წარმატება უზრუნველყოს, რაც ვფიქრობ მას აშფოთებს“, - ამბობს ვოლკერი.
ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ ქვეყანას დავეხმარო.ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნებული ივანიშვილი ამბობს, რომ ის „რეალურად სანქცირებულია“.
„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე სანქცირებული ვარ. ვისაც გიხარიათ, მე რეალურად სანქცირებული ვარ დე-ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით, მე უკვე, რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში, რეალურად, ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ, ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, - დაასანქცირეთო. ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ ქვეყანას დავეხმარო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკა
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, გასული წლის განმავლობაში წარმოებული ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკაა. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დაბრუნება ამ ტენდენციას შეცვლის.
„თუ ზოგიერთმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა, იქნებიან ისინი „ქართული ოცნების“ მოქმედი თუ ყოფილი წევრები, ანტიამერიკული განცხადებები შეწყვიტეს. ეს კარგია. შესაძლოა, არის კავშირი, ბატონი ივანიშვილის საჯარო ოფიციალურ პირად გახდომასა და ამგვარი რიტორიკის დასრულებას შორის. თუ ეს ასეა, ან ასე იქნება, კარგია“, - ამბობს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ჯონ ჰერბსტი.
ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების განხორციელების კუთხით ყველაფერს სწორად აკეთებს.კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ამგვარი რიტორიკა უკვე შეცვლილია. მისი თქმით, ამერიკისა და საქართველოს საერთო მიზანია იმაში დარწმუნება, რომ საქართველოს რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს ასრულებს.
„ვიმედოვნებ ეს შეიცვლება. ვფიქრობ, ეს უკვე შეიცვალა. ჩვენი ახალი ელჩის მიმართ ტონი უკეთესია. ზოგიერთი არასწორი რამ, რაც შეერთებულ შტატებზე ბოლო დროს ითქვა - მაგალითად ის, რომ თითქოს შეერთებული შტატები ომის "მეორე ფრონტის გახსნას" ცდილობდა და სურდა საქართველო ამ კონფლიქტში ჩაეთრია, აღარ განმეორებულა. ვფიქრობ, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების განხორციელების კუთხით ყველაფერს სწორად აკეთებს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ მისი ფინანსური ინსტიტუტები შესაძლოა რაიმე სახის სანქციებს დაექვემდებაროს. იმაში დარწმუნება, რომ ეს არ მოხდება, ვფიქრობ, შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო მიზანია“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ვოლკერმა.
ლუკ კოფის უჭირს თქვას, რა შეიძლება შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებამ საქართველო-ამერიკის ან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. „რადგან ვფიქრობ, რომ კულისებიდან მისი გავლენა არასდროს გამქრალა, ვფიქრობ, ახლა ეს უბრალოდ უფრო ფორმალიზებულია“, - ამბობს კოფი.
„ბუნდოვანი ფინანსური კავშირები რუსეთთან“
ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეების წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში საჯაროდ დაბრუნების შესახებ ასევე ისაუბრეს 11 იანვარს, „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში“ (CSIS) გამართულ დისკუსიაზე, სადაც შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთისგან მომდინარე გამოწვევებზე იმსჯელეს.
CSIS-ში გამართულ დისკუსიაზე, აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა, დოქტორმა ჯეფრი მანკოფმა, რომელიც ახლა CSIS-ში რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროსი მკვლევარია, ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და თქვა, რომ მას რუსეთთან „ბუნდოვანი ფინანსური კავშირები“ აქვს.
Your browser doesn’t support HTML5
„განვიცდი საქართველოში არსებულ მდგომარეობას. იქ ბოლოს 2022 წელს ვიყავი, მას შემდეგ ვითარება მხოლოდ გაუარესდა. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს დეზინფორმაციის პრობლემას სცდება. როგორც იცით, ქვეყნებში, როგორიც უნგრეთია, საქმე გვაქვს ხელისუფლების დამხმარე რგოლებთან, ან თავად ხელისუფლების ელემენტებთან, რომლებიც აქტიურად მიისწრაფვიან რუსეთთან თანამშრომლობისკენ. ვფიქრობ, ისინი ცდილობენ ამის პროევროპული, პროდასავლური საზოგადოებისთვის მიყიდვას, უკრაინის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების საფუძველზე. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საქმე ეხება სახელმწიფოს მიტაცებას, მმართველი პარტიის მთავარი სპონსორის, ოლიგარქის ბუნდოვან ფინანსურ კავშირებს რუსეთთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ასე რომ, არსებობს მოსაზრება, განცდა, რომ საქართველო დიდი ხანია ჩართულია პროდასავლურ და პრორუსულ ელემენტებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში. ოპოზიციაზე ზეწოლა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩასმა და ახლა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, გაცილებით მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს, ერთგვარად, უკან, რუსეთის გავლენის სფეროში ექაჩებიან მაშინ, როცა მსგავს დინამიკას სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ“, - თქვა მანკოფმა.
ასევე ნახეთ: სახ. მდივნის მოადგილე: რუსეთი საქართველოში მავნე გავლენისთვის მედიას იყენებსCSIS-ის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, მაქს ბერგმანმა თქვა, რომ „საქართველოში ერთგვარი შემობრუნება უფრო მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ“.
„როგორც ჩანს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთი მხრივ, როდესაც მთავრობა „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებას ცდილობდა, ევროპული მომავლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის რეალური მოზღვავება ვიხილეთ. ჩვენ ვნახეთ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები ქუჩებში, ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, მაგრამ ასევე ვიხილეთ აშშ-ის ელჩის შევიწროება. საქართველოში, ერთგვარი შემობრუნება უფრო მეტად მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ“, - განაცხადა CSIS-ში, 11 იანვარს გამართულ დისკუსიაზე, ბერგმანმა.
Your browser doesn’t support HTML5
ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების შესახებ განცხადება 2023 წლის 30 დეკემბერს, მმართველის პარტიის ყრილობაზე გააკეთა.