პენტაგონის მოლოდინით, უკრაინა რუსეთს გაზაფხულზე შეუტევს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს, 14 თებერვალს გამართულ ნატოს მინისტერიალზე, კიევს ქვეყნის თავდაცვაში ამერიკის და მისი დასავლელი მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
"კრემლს გათვლა ჯერ კიდევ დროის გაწელვაზე აქვს", განაცხადა ოსტინმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციაზე იმსჯელეს.
დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება თანდათან იზრდება, თუმცა კიევი მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავებს ითხოვს. ამ საკითხს დასავლეთის ლიდერები განიხილავენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს გასაკეთებელი" - თქვა ოსტინმა ბელგიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე.
"ჩვენ ერთიანნი ვართ თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ერთად და მტკიცედ ვიდგებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება" - აცხადებს ოსტინი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი ამუნიცია და დანაპირები ტანკების და სხვა მძიმე საბრძოლო ტექნიკის ადგილზე დროულად ჩატანა ესაჭიროება. მან დაადასტურა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებზე დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ ეს "ყველაზე სასწრაფო საკითხი არ არის".
გენერალმა მარკ მილიმ, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ გააფრთხილა პარტნიორები, რომ უკრაინის გამარჯვება გარანტირებული არ არის. მისი თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ აგრძელებს იერიშებს აღმოსავლეთ დონბასის სამრეწველო რეგიონზე.
რუსეთის პროგრესი "ნელია", თქვა გენერალმა მილიმ. "ეს დაუძლურებისკენ მიმართული ომია, ისინი მძიმე დანაკარგებს განიცდიან. მორალური სიმტკიცე მათ ლიდერებში მოიკოჭლებს. ისინი ძლიერ წვალობენ" - აღნიშნავს გენერალი. მისი შეფასებით, რუსებს ამ ყველაფრის მიუხედავად, მცირე მიღწევები მაინც აქვთ. "იქნებიან თუ არა ისინი წარმატებულნი ბრძოლის წარმოებაში, ეს ჯერ კიდევ გამოჩნდება".
სტოლტენბერგმაც გამოთქვა სიფრთხილე იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე "ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინი მშვიდობისთვის ემზადება". ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეთაურის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ, "სახეზეა სრულიად საპირისპირო: ის [პუტინი] მეტი ომისთვის, ახალი თავდასხმების და ახალი შეტევებისთვის ემზადება".
შეხვედრებში უკრაინის მხრიდან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უკრაინის საომარ საჭიროებებზე ბრიუსელში ძირითადად თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საუბრობდა.
ნატოს მინისტერიალამდე რეზნიკოვმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისი მიზანია დასავლეთისგან მეტი ამუნიციის მიღება, უკრაინის ცის დაცვა, უკრაინელ ჯარისკაცთა წვრთნა, ლოჯისტიკური სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება.