საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატოს შტაბ-ბინაში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. "რამშტაინის ფორმატის" შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყება ავრცელებს.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.
გასულ კვირაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრს პენტაგონში უმასპინძლა. შეხვედრაზე ოსტინმა ხაზი გაუსვა, „რამშტაინის ფორმატში“ საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას.
საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს კარგ დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას" - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა 9 თებერვალს, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას.
იმავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო ამერიკისგან მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, კონგრესს საქართველოსთვის 33 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარების შესახებ იანვარში აცნობა.
„საქართველოს შეეძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები, უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.