ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ დაზიანებული ენერგოობიექტები აღადგინა


რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ენერგოობიექტები ნაწილობრივ აღდგენილია. ამას ოფიციალური კიევი აცხადებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩეკო განმარტავს, რომ ქვეყნის ელექტრო ქსელი მუშაობს და მომხმარებლებს, გაზრდილი მოხმარების მიუხედავად, ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფს.

„მიუხედავად მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდისა, უკრაინის ენერგოსისტემა აგრძელებს ელექტროენერგიით მომხმარებელთა დაკმაყოფილებას“, - ამბობს გალუშჩეკო.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები კარგად მიმდინარეობს და ენერგოსტისტემა მუშაობს, თუმცა მისი თქმით, „ნაადრევია ენერგეტიკის ფრონტზე გამარჯვების გამოცხადება“.

უკრაინის ეროვნული ოპერატორი „უკრენერგო“ განმარტავს, რომ სარემონტო სამუშაოები კარგად მიმდინარეობს და თბოელექტროსადგურებიც აქტიურად მუშაობს. ამასთან, მოხდა რამდენიმე დამატებითი ენერგობლოკის ამუშავებაც. კომპანია განმარტავს, რომ კარგი ამინდი და დღის ხანგრძლივობის ზრდა განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავებასაც ხელს უწყობს.

უკრაინის სამხრეთ სამხედრო ძალების სპიკერი ნატალია ჰუმენიუკი ამბობს, რომ ბოლო თვეების პრაქტიკიდან გამომდინარე, რუსეთს ენერგოობიექტებზე იერიში ორ კვირაში ერთხელ მიაქვს. სწორედ ამიტომ ის ამბობს, რომ კრემლის ახალი იერიში 24 თებერვლისთვის არის მოსალოდნელი. ჰუმენიუკი ამბობს, რომ უკრაინის საჰაერო ძალები ამას მომზადებული უნდა შეხვდეს.

„ერთი მასიური სარაკეტო შეტევიდან მეორემდე, დაახლოებით, ორი კვირაა ხოლმე. შემდეგი ორი კვირის თავი 24 თებერვალია“ - ამბობს ჰუმენიუკი.

რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. მას შემდეგ კრემლმა უკრაინაში ტაქტიკა არაერთხელ შეცვალა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შემოდგომის ბოლოდან რუსეთმა „ზამთრის იარაღად“ გამოყენება დაიწყო, რაც ენერგოობიექტებზე იერიშების მიტანას ისახავს მიზნად. კრემლი კიევისა და დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG