დევიდ დრაიერი: "26 მაისს აქციის დაშლას დამოუკიდებელი გამოძიება სჭირდება"

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი რამ რომ მომხდარიყო ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დამოუკიდებელი გამოძიება..ასევე დაინიშნებოდა მოსმენები კონგრესში“ - ეს განცხადება ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა დევიდ დრაიერმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით გააკეთა.

კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ოთხკაციანი დელეგაცია ოთხი დღის განმავლობაში სტუმრობდა საქართველოს. დევიდ დრაიერის გარდა დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ, დემოკრატიული პარტიის წევრები - დევიდ პრაისი, ბრედ მილერი და სუზან დევისი.

კონგრესმენები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს. 26 მაისის აქციის დარბევას შეფასება დევიდ დრაიერმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მისცა:

“26 მაისის პროტესტის დაშლასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ მასალები, მივიღეთ ინფორმაცია, ასეთი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მომხდარიყო იქ აუცილებლად იქნებოდა დამოუკიდებელი გამოძიება იმის გასარკვევად რა მოხდა.

კონგრესში დაინიშნებოდა მოსმენები და განხილვები. და ჩვენ ვუთხარით ქართველ კოლეგებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნებოდა სასარგებლო ყველასათვის და გაზრდიდა მთავრობისა და პარლამენტისადმი ნდობას. მე ვთქვი, ამერიკაში მსგავის რამ რომ მომხდარიყო გამოძიება შეიძლება ყოფილიყო კონგრესში, შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებელ კომისიაში განსხვავებულად.“

ამერიკელმა კონგრესმენებმა ყველა დონეზე გამოხატეს მადლიერება ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის გამო. ამჟამად ავღანეთის უსაფრთხოების მხარადჭერ ძალებში 925 ქართველი მეომარი იბრძვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონი, სულ ცოტა 625 ჯარისკაცი გააგზავნოს.

ეს პირობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რომში შეხვედრისას მისცა. თავდაცვის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თუ გადაწყვეტილება შესრულდა, საქართველოს გადაასწრებს ავსტრალიას და NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ეყოლება.

ავღანეთში უკვე მერვე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მაისის ბოლოს ჰელმანდში უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანაიძე ნაღმზე აფეთქდა. კონგრესის თავდაცვის კომიტეტის წევრმა სუზან დევისმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„როგორც თავდაცვის კომიტეტის წევრი მადლობას ვუხდი იმ ქართველ მეომრებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ. ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მათი ოჯახების მიმართ, რომლებსაც საკმაოდ დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ.“

ოთხივე კონგრესმენი წარმოადგენდნენ კონგრესის წარმომადგენლთა პალატის კომისიას „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“, რომელიც მსოფლიოს 14 ქვეყანასთან თანამშრომლობს. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ეფექტური დემოკრატიული მმართველობისა და საკანონმდებლო ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, კომისია უკრაინასა და საქართველოს ეხმარება.

ამერიკის კონგრესში კომისია 2005 წელს შექმნა. კომისია „ფროსტისა-სოლომონის ჯგუფის“ მემკვიდრედ ითვლება, რომელიც 1990-96 წლებში ანალოგიური მიზნებით აღმოსავლეთ ევროპის ათ ქვეყანასთან თანამშრომლობდა. საქართველოში ვიზიტზე საუბრისას კონგრესმენებმა დევიდ პრაისმა და ბრედ მილერმა კერძოდ განაცხადეს:

ბრედ მილერი: „ჩვენი ინტერესის საგანს ძირითადად პარლამენტის საქმიანობა წარმოადგენს. ამომრჩევლებთან ხშირი შეხვედრები მათი პრობლემების გაცნობა და რეგიონებთან მჭიდრო კონტაქტი პარლამენტის გაძლიერებას ხელს უწყობს. რაშიც აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენმა ვიზიტმაც დაგვარწმუნა.“

დევიდ პრაისი: „ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 200 წლით ადრე დავიწყეთ დემოკრატიის შენება საქართველოსა და ამერიკის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებს შორის საკმაოდ დიდი მსგავსებაა. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოს აღმსარულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ისეთივე მჭიდრო თანამშრომლობაა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში.“

ვიზიტის პირველ დღეს ოთხივე კონგრესმენი იმყოფებოდა სიღნაღში, მოგვიანებით კი თბილისში კინოთეატრ „რუსთაველში“. ამერიკელი რეჟისორის რენი ჰარლინის „აგვისტოს 5 დღის“ ზე-პომპეზურ პრემიერას დაესწრნენ.

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციამ უკვე დატოვა თბილისი, „პარტნიორობა დემოკრატიის“ კომისიის წევრები დღეს შეხვედრებს უკვე კიევში მართავენ.